თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა ივლისის ბოლოს —აგვისტოს დასაწყისში ბათუმში გაიმართება, ამის შესახებ ოთხშაბათს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მანამდე თავდაცვის მინისტრების მეოთხე სამმხრივი შეხვედრა აზერბაიჯანში — გაბალში გაიმართა.
„სამივე ქვეყნის სამინისტრო მუშაობდა მემორანდუმზე, რომელსაც ხელი ამ შეხვედრაზე მოეწერება. თურქეთის თავდაცვის მინისტრის შეცვლამ ცოტა გადაწია ჩვენი შეხვედრა. ჩვენ მის გამართვას ივლისის დასაწყისში ვგეგმავდით, თუმცა იგი ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ბათუმში შედგება. შეხვედრაზე ხელი მოეწერება მემორანდუმს. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას ყველა საკითხის ერთობლივად გადასაწყვეტად“, — განაცხადა ხიდაშელმა.
მანამდე გაბალში გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მზადყოფნის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი სწავლებების გამართვა. მხარეებმა ასევე მოილაპარაკეს ერთობლივად უზრუნველყონ გაზსადენებისა და ნავთობსადენების უსაფრთხოება.