იშვიათად მინახავს ერთ მუშტად შეკრული თეატრალური წარმოდგენის შემოქმედებითი ჯგუფი, რომელიც მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ხერხებით ინარჩუნებს სიყვარულს, ერთგულებას, მეგობრობას… ახალგაზრდა რეჟისორმა, გიორგი აფხაზავამ ეს მოახერხა ახალი თოჯინური სპექტაკლის — მიგელ დე სერვანტეს საავედრას ნაწარმოების, „დონ კიხოტის“ მეთოჯინე მსახიობებთან, მხატვართან, თოჯინების ოსტატებთან და ა. შ.
„დონ კიხოტის“ სულისკვეთებით შთაბერილი ენთუზიასტების ერთსულოვნება იმდენად აშკარა იყო, რომ თუმანიშვილის თეატრის პატარა სცენა შემოქმედებითი ჯგუფის თავდადებით გამოწვეულ ემოციას ვერ იტევდა. წარმოდგენის მხატვარმა, ნინო კიტიამ გვითხრა: „ზოგი პროფესიონალი მსახიობია, ზოგი ექიმი, მხატვარი და ზოგიც მეთოჯინე.“
- გიორგი, ალბათ, დღევანდელი ცხოვრების რიტმში ბევრს დაავიწყდა სერვანტესის „დონ კიხოტი“. მისი გახსნება თქვენი სპექტაკლის ერთ-ერთი მიზანი იყო?
რეჟისორი გიორგი აფხაზავა: ხალხისთვის რომ საგანმანათლებლო ბიძგი მიმეცა, ამაზე არ მიფიქრია. ჩვენთვის „დონ კიხოტის“ პერსონაჟი ორი განშტოებით ასოცირდება. ერთი-ერთი ვარიანტია, რომ ეს არის გიჟი, რომელიც რაღაცეებს ყვება, თავის სამყაროს ქმნის და იმ სამყაროში აგრძელებს ყოფას და ცხოვრებას. დღეს ჩვენი ყოფა იმდენად მძიმეა, რომ ბევრი ქმნის ასეთ სამყაროს. დონ კიხოტმაც შექმნა წარმოსახვითი სამყარო და ამ სამყაროდან გასვლა აღარ უნდა, მაგრამ… მარტო სოციალური კუთხიდან რომ შევხედოთ ამ პერსონაჟს, ის პრიმიტიული გახდებოდა. ისე, მას ჩვენი დამოკიდებულებით არაფერი აკლდება…
- მისი ცხოვრების გზა სერვანტესს უკვე დადგენილი აქვს…
— დიახ, ის მაინც გაივლის თავისი ცხოვრების გზას, ის შეებრძოლება ქარის წისქვილებს. ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს რომ ყოფილიყო დონ კიხოტი, ეს იქნებოდა, ალბათ, ასეთი — სალოსი, რომელსაც რაღაც იდეისთვის მთელი სამყაროს გადატრიალება სურს. შეიძლება, უხეში მაგალითია, მაგრამ მაინც ვიტყვი: დღეს ეკლესიის კარამდე ტაქსმა უნდა მიგვიყვანოს და გვავიწყდება, რომ შუა საუკუნეებში სიწმინდის სანახავად ადამიანები ნახევარ დედამიწას ფეხით გადიოდნენ. დროა, დავიბრუნოთ ადამიანურობა, დროა, საკუთარ ფაშვზე და საკუთარ ჯიბეზე ზრუნვას თავი გავანებოთ და სულიერებაზე ვიზრუნოთ.
- გიორგი, მცირე დახმარებას თუ არ ჩავთვლით, შეიძლება ითქვას, რომ ეს სპექტაკლი ენთუზიაზმით შეიქმნა…
— დიახ! ჩვენ დონ კიხოტივით გიჟი ადამიანები, ენთუზიასტები შევიკრიბეთ და ხელი მოვკიდეთ უდიდეს ნაწარმოებს — ეს რისკია, იმიტომ რომ ამ ქმნილების ამოსახსნელად, შეიძლება ითქვას, ღლაპები ვართ.
-როგორ იმუშავეთ ლიტერატურულ მასალაზე, ალბათ, ძალიან რთული გზა გაიარეთ… მე გამიხარდა, რომ სპექტაკლში სერვანტესის ტექსტი უხვად იყო...
— ვიწვალეთ და მთავარი ამბები ამოვიღეთ. არც ერთი ტექსტი გამოგონილი არ არის, ყველაფერი სერვანტესიდან ავიღეთ. მის ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას ძალიან სათუთად, ფაქიზად ვეპყრობოდით. ყველაფერი კეთდებოდა ჩვენი ხელით, ჩვენი ძალებით, ჩვენი სახსრებით, თუმც არ უნდა დაგვავიწყდეს მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერაც.
- გიორგი, მახსოვს შენი სპექტაკლი „გოდოს მოლოდინში“. იქ მსახიობებთან არაჩვეულებრივად მუშაობდი და გული დამწყდა, რომ ეს წარმოდგენა თუმანიშვილის თეატრის რეპერტუარში ვეღარ ვნახე. ახლა თოჯინებთან მუშაობ, თან მსახიობებთან და რა გამოცდილებაა ეს?
— მსახიობები თოჯინებს, მარიონეტებს უბრალოდ კი არ ამოძრავებენ — არავითარ შემთხვევაში… რახან ამა თუ იმ ეპიზოდში თოჯინას მსახიობი ატარებს, ამიტომ ჯერ მასთან ვმუშაობთ. დრამატურგიული სტრუქტურის აწყობა მნიშვნელოვანია და შემდეგ ხდება მისი განხორციელება. ვინაიდან მსახიობი „თავისი თოჯინის“ სვლებს ამუშავებს, ის რეჟისორიც ხდება. დრამატული თეატრის მრწამსი შევინარჩუნეთ, იმიტომ რომ მოვლენა, ამბავი, ამოცანა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
მსახიობი ანა ურიდია: დრამატული თეატრის მსახიობი ვარ, თოჯინებთან პირველად ვიმუშავე. თითქმის ყველა მსახიობს მოგვიწია ყველა პერსონაჟთან შეხება. თუ გმირს არ გრძნობ, ალბათ, ვერც ათამაშებ. მუშაობა ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, ყველაფერი ჩვენი ჯგუფის გაკეთებულია.
- ანა, ეს სპექტაკლი მაყურებელს აზროვნებისკენ უბიძგებს, პირადად მე მომინდა „დონ კიხოტის“ ხელმეორედ წაკითხვა. თქვენ რა დაგიტოვათ სერვანტესმა?
— ყველა მიყვარს…
- ნინო, რა ვიზუალური წარმოსახვები აქვს მხატვარს, როცა ის „დონ კიხოტს“ კითხულობს?
სპექტაკლის მხატვარი ნინო კიტია: პირველად სულიერი თემა მოდის… დღეს „დონ კიხოტის“ სათქმელი დაკარგულია, მაგრამ მაინც ვეძებთ სისუფთავეს, სიწმინდეს, სიყვარულს, თუმც ბოლოს იმედი გვიცრუვდება. „Мечтать, пусть обманет мечта! Бороться, когда побеждён!“ — ეს დონ კიხოტის სიტყვებია. პირადად მე მაწუხებს ეს თემა, იმიტომ რომ მეც ძალიან ხშირად ვკარგავ იმედს და ხელს ჩავიქნევ ხოლმე, მაგრამ „დონ კიხოტმა“ რაღაც-რაღაცეები სხვანაირად ამიხსნა.