თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. გეგუთის სასახლის შესწავლა მრავალი ათეული წელია გრძელდება, მაგრამ იმის დადგენა, თუ რომელ საუკუნეშია ის აგებული, მაინც ვერ მოხერხდა.
დიდი ხნის განმავლობაში არქეოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ის თამარ მეფის ეპოქას ეკუთვნის, მაგრამ მომდევნო გათხრებმა მეცნიერებს იმის საფუძველი მისცეს, რომ ამ კულტურის ძეგლის ისტორია უფრო ადრეული პერიოდიდან იღებს სათავეს.
სასახლე თითქმის სრულყოფილ კვადრატს წარმოადგენს, რომლის ცენტრში განლაგებული იყო გუმბათით გადახურული ძირითადი ნაგებობა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები
სამუშაოების ახალი ეტაპი ივნისში დაიწყება და ივლისის ბოლომდე გასტანს. ამ პერიოდში გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე დაგეგმილია არქეოლოგიური კვლევების ჩატარება. აგვისტოში აღმოჩენილი მასალის შესწავლა დაიწყება, აღნიშნულია საქართველოს კულტურის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
ამჟამად არქეოლოგიური გათხრები სასახლის კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს. სამუშაოებს არქეოლოგი როლანდ ისაკაძე ხელმძღვანელობს. სამუშაოების მიმდინარეობას გასულ კვირაში კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები გაეცნენ.

გეგუთის სასახლის ტერიტორიაზე ვიზიტორებისთვის არქეოლოგიური ცენტრის მოწყობაა დაგეგმილი. გეგუთის სასახლის კომპლექსთან 2015 წელს შუშის კონსტრუქცია დამონტაჟდა, რომელიც დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ძეგლი პირვანდელი სახით, პერსპექტივაში აღიქვას. გამოყენებული ტექნოლოგია საქართველოში უნიკალურია. ძეგლზე აგრეთვე დამონტაჟდა გარე განათება, აღნიშნეს სააგენტოში.

2015 წელს გეგუთის სასახლის ყველაზე რთული და განადგურების პირას მყოფი ნაწილების კონსერვაცია მოხდა. პროექტი დასავლეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა რეაბილიტაციის გრძელვადიანი პროგრამის ფარგლებში დაიწყო. მომავალში ობიექტის სრული კონსერვაცია იგეგმება.