თბილისის ფუნიკულიორის ტრაგიკულად შეწყვეტილი სიცოცხლე და შიმკევიჩის აღდგენილი პროექტი

© photo: Sputnik / Levan Avlabreliმთაწმინდა
მთაწმინდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფუნიკულიორის „რკინიგზის“ პროექტს 1900 წელს მოეწერა ხელი ტფილისის სათათბიროსა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ საზოგადოებას ფუნიკულიორი სამართავად 45 წლით უნდა გადასცემოდა...

ეკატერინე მიქარიძე

ფუნიკულიორს თბილისელებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. თუ ფუნიკულიორზე არ ასულხარ და ქალაქისთვის იქიდან არ შეგივლია მზერა, ჩათვალე, რომ თბილისში არ ყოფილხარ და ეს უძველესი ქალაქი არ გინახავს.

აქ ახალგაზრდები ერთმანეთს სიყვარულში უტყდებიან, თბილისურ სიცხეებს თავგარიდებული ქალაქელები ისვენებენ, ბავშვები ერთობიან და პოეტები მუზებს დასდევენ.

იყო დრო, როცა ფუნიკულიორი და მთაწმინდაზე მღოღავი ტრამვაის ვაგონები თბილისური სახლების ყველა ფანჯრიდან ჩანდა. ეს მაშინ, როცა ქალაქში მრავალსართულიანი სახლების ტყე არ იყო აღმართული.

© Levan Avlabreliტურისტები მთაწმინდიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.
ტურისტები მთაწმინდიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან. - Sputnik საქართველო
ტურისტები მთაწმინდიდან თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბებიან.

ადრე ფუნიკულიორზე ასვლა ორი გზით იყო შესაძლებელი: სახმელეთო, ანუ ტრამვაით, და საჰაერო — საბაგიროთი, ანუ „კანატკით“, როგორც მას თბილისელები ეძახდნენ და რომელიც დღეს მხოლოდ ძველი ქალაქელების მეხსიერებასღა თუ შემორჩა ტკივილად და ნოსტალგიად. 

ვისაც არ ახსოვს, იმათთვის განვმარტავ: საბაგირო გზა მეტრო „რუსთაველთან“, მეცნიერებათა აკადემიის შენობის ეზოში იწყებოდა. დღესავით მახსოვს – ბავშვობაში, შევიდოდი თუ არა ყველა მხრიდან შემინულ კაბინაში, მაშინვე წარმოსახვა მერთვებოდა და თუნუქის „კოლოფში“ კი არ მეგონა თავი, არამედ წარმოვიდგენდი, რომ ფრთებგაშლილი ჩიტი ვიყავი და ლაღად მივფრინავდი ხეების ტოტებზე შეფენილი ადამიანების „ბუდეების“ თავზე.

© Levan Avlabreliთბილისის ტელეანძა
თბილისის ტელეანძა - Sputnik საქართველო
თბილისის ტელეანძა

მეგონა, სულ ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ…

მაგრამ 1990 წლის 1 ივნისს თბილისელებს ტრაგიკული დღე გაუთენდათ. იმ დღის დეტალები დღემდე ნათლად მახსოვს, იმიტომ რომ ჩემთვის მეორე დაბადების დღედ იქცა…

დილიდან უსაშველოდ ცხელოდა. მე და ჩემმა მეგობარმა ფუნიკულიორზე ასვლა გადავწყვიტეთ გასაგრილებლად. მეტროდან ამოვედით და საბაგიროსკენ წავედით. ის იყო, შესასვლელს მივუახლოვდით, რომ მეგობარმა შემომთავაზა, მოდი, ჯერ ნაყინი ვჭამოთო და ჩვენც ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავედით, რომ მელიქ–აზარიანცის სახლში განთავსებულ კაფეში შევსულიყავით. ნაყინთან ერთად ყავაც შევუკვეთეთ, ცოტა წავიჭორავეთ და ისევ საბაგიროსკენ ავიღეთ გეზი.

ქუჩაში რომ გამოვდიოდით, ერთიმეორის მიყოლებით მქროლავი სასწრაფო დახმარების მანქანები დავინახეთ და სირენების გულისწამღები ხმაც შემოგვესმა…

თურმე, სწორედ იმ მომენტში, როცა მე და ჩემი მეგობარი კაფეში შევდიოდით, „კანატკის“ ბაგირი ჩაწყვეტილიყო და ხალხით სავსე კაბინა 20 მეტრის სიმაღლიდან დაეხეთქა მიწას…
თბილისი ძაძით შეიმოსა — 20 დაღუპულს გლოვობდა და 45 მძიმედ დასახიჩრებულის გადარჩენისთვის ლოცულობდა.

© photo: courtesy of Boris Kaufmanსაბაგირო მთაწმინდაზე
საბაგირო მთაწმინდაზე - Sputnik საქართველო
საბაგირო მთაწმინდაზე

ჩვენ კი იმ უცებ მონდომებულმა ნაყინმა და 15 წუთმა გადაგვარჩინა…

ამას წინათ ბავშვობისდროინდელ ადგილებში გასეირნება მოვიწადინე, ფუნიკულიორზე ასვლა გადავწყვიტე. დღეს საბაგირო აღარ მუშაობს, მთაწმინდასა და ფუნიკულიორზე ასვლა უძველესი და ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტით, ტრამვაითაა შესაძლებელი.

თბილისის ცენტრისა და მთის წვერის დამაკავშირებელი „რკინიგზის“ პროექტს, რომლის ავტორიც ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი იყო, ჯერ კიდევ 1900 წელს მოეწერა ხელი ტფილისის სათათბიროსა და ბელგიურ ანონიმურ საზოგადოებას შორის. ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნულ საზოგადოებას ფუნიკულიორი სამართავად 45 წლით უნდა გადასცემოდა, რის შემდეგაც ქალაქისთვის უნდა დაეთმო ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე. თანაც 5 წლამდე ბავშვებისთვის, ფოსტალიონების, პოლიციელებისა და ჟანდარმებისთვის მგზავრობა უფასო უნდა ყოფილიყო.

ფუნიკულიორის მშენებლობა 1903 წელს დაიწყო, 1905–ში დასრულდა და იმავე წლის მარტში საზეიმოდ გაიხსნა.

რაც შეეხება ფუნიკულიორის ქვედა სადგურს, მისი ავტორი ტფილისელი არქიტექტორი ალექსანდრ შიმკევიჩი იყო, რომლის ულამაზესი შენობაც მე–20 საუკუნის 60–იან წლებში სოცრეალიზმის  არქიტექტურული ნიმუშით ჩაანაცვლეს.

© Levan Avlabreliთბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური
თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური - Sputnik საქართველო
თბილისის ფუნიკულიორის ქვედა სადგური

ამ მოსაწყენმა და უფერულმა შენობამ 2000 წლამდე იარსება. იმ წელს ფუნიკულიორის სადგური დახურეს, როცა კიდევ ერთი ავარია მოხდა.

ამჯერად, საბედნიეროდ, ყველაფერი უმსხვერპლოდ დასრულდა, მხოლოდ ოცამდე ტურისტი დაშავდა.

სადგური, რომელსაც ძველი, შიმკევიჩისეული სახე დაუბრუნეს და ახალი, შვეიცარული ტექნიკით აღჭურვეს, ხელმეორედ სამი წლის წინ ამუშავდა.

ფუნიკულიორის „დასალაშქრად“ დილაადრიან წავედით, როცა იქ ხალხიც ცოტაა, ჰაერი კი უფრო სუფთა და გამჭვირვალე. ადგილობრივებიდან ხუთიოდე კაცი ვიყავით, დანარჩენები — თვალებანთებული ტურისტები. ვაგონების კარები დაიხურა და ადგილიდან დავიძარით…

ახალი ფუნიკულიორი ჩემი ბავშვობისდროინდელს მხოლოდ წითელი ფერით ჩამოჰგავს. ოღონდ ესაა, ახალი წითელი უფრო მაძღარია.

© Levan Avlabreliგანახლებული ფუნიკულიორის ვაგონები
განახლებული ფუნიკულიორის ვაგონები - Sputnik საქართველო
განახლებული ფუნიკულიორის ვაგონები

სადგურის თანამშრომლები მეუბნებიან, რომ ექვს თვეში ერთხელ ავსტრიიდან სპეციალისტები ჩამოდიან და სისტემის მუშაობას ამოწმებენ, ახლა ეს აბსოლუტურად უსაფრთხო სისტემააო.

ტრამვაი რბილად შეგორდა გადახურულ სადგურში, რომელიც ზღვის დონიდან 727 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ზედა სადგურმა, ქვედასგან განსხვავებით, პირვანდელი სახე ვერ შეინარჩუნა. დღეს შენობის პირველი სართული სადგურს უკავია, ხოლო ზედა ორი — რესტორანს, ქალაქელების უსაყვარლეს საქეიფო ადგილს.

ირგვლივ კი ატრაქციონების გრანდიოზული პარკია გაშენებული — ბავშვების საბედნიეროდ და მშობლების ჯიბეების სავალალოდ.

სხვათა შორის, ფუნიკულიორისკენ მიმავალ მიხვეულ–მოხვეულ სამანქანე გზაზე ერთი საინტერესო ადგილია, რომლის შესახებაც ბევრმა იცის. აქ, მიუხედავად საგრძნობი დაღმართისა, გაჩერებული მანქანა სვლის საპირისპიროდ, აღმართზე იწყებს მოძრაობას. ვითომ მისტიკაა? ალბათ რაღაც მეცნიერული ახსნა ექნება ამ მოვლენას, მაგრამ, განა ეს მნიშვნელოვანია?! მთავარია, რომ ამ ადგილზე ყოველი გავლისას სასწაულის განცდა ეუფლება ადამიანს.

 

ყველა ახალი ამბავი
0