თბილისი, 21 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხუთ ქვეყანაში ელჩების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა — სომხეთში, ეგვიპტეში, შვედეთში, ფინეთსა და ინდოეთში, ნათქვამია სახელმწიფო მეთაურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
თითოეული მათგანი თანამდებობას 1 ივლისს დაიკავებს.
სომხეთში საქართველოს ელჩი გიორგი საგანელიძე გახდება. გიორგი საგანელიძემ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშობა 1998 წელს დაიწყო.
2005-2008 და 2013-2015 წლებში მუშაობდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დესპანის თანამდებობაზე.
ეგვიპტეში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს სლოვენიასა და სლოვაკეთში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი.
შვედეთსა და ფინეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი მალხაზ კაკაბაძე დაიკავებს.
ინდოეთში საქართველოს დიპლომატიურ მისიას უხელმძღვანელებს ეგვიპტეში საქართველოს ყოფილი ელჩი არჩილ ძულიაშვილი.
სამშაბათს მარგველაშვილმა ახლადდანიშნულ ელჩებთან შეხვედრა გამართა, რომლებმაც მას საკუთარი ხედვა გააცნეს მომავალი საქმიანობისა და ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისა და გაღრმავების თაობაზე.
მარგველაშვილმა ელჩებს წარმატება უსურვა.