უბრალოდ გალაკტიონი...

© photo: Sputnik / Levan Avlabreli გალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik–ის კოლუმნისტი იგორ ობოლენსკი პროექტში „სიყვარულის ისტორიები: ტფილისიდან თბილისამდე“ გალაკტიონისა და მისი მეუღლის, ოლღა ოკუჯავას ისტორიას მოგვითხრობს.

იგორ ობოლენსკი

სახელს წარმოთქვამთ თუ არა, მყის გასაგები ხდება, ვისზეა საუბარი. ამიტომაც ჰქვია ქუჩასაც და ხიდსაც მხოლოდ მისი სახელი — გვარის გარეშე, უბრალოდ გალაკტიონის ქუჩა და გალაკტიონის ხიდი.

გალაკტიონ ტაბიძის პოეზიის რუსულად თარგმნა ისე, რომ მისი კოსმიური გენია საგრძნობი იყოს, თითქმის შეუძლებელია.  

© მუზეუმის ფოტოარქივიგალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძე

ქართული ენის შესწავლა რომ დავიწყე, ჩემმა პედაგოგმა, რომელიც უკვე 90–ს იყო გადაცილებული, მიამბო: 1959 წლის მარტის ერთ დღეს ჭავჭავაძის ქუჩას მივუყვებოდი და „ლეჩკომბინატთან“ ჩოჩქოლი შევნიშნე, გამიკვირდა, ნეტა, რა ხდება–მეთქი, მივუახლოვდიდა… თურმე რამდენიმე წამის წინ გალაკტიონი გადმომხტარიყო საკუთარი პალატის ფანჯრიდანო.

წლების შემდეგ იმასაც იტყვიან, რომ გალაკტიონმა თვითმკვლელობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც „კაგებემ“ კოლეგების დასმენა მოსთხოვა და საავადმყოფოში თანამშრომლობის ქაღალდზე ხელის მოსაწერად მიაკითხაო…  

მერე, როცა უკვე ენა ვისწავლე, გალაკტიონის რუსულად თარგმნას შევბედე… ძალიან კარგად მესმოდა, რომ თვით ყველაზე ნიჭიერი პოეტის თარგმანშიც კი იკარგება გალაკტიონისეული ლექსიკა და მუსიკა.

ბელა ახმადულინასაც კი, რომელიც გალაკტიონის ერთ–ერთ საუკეთესო მთარგმნელად მიიჩნევა, საკუთარი „მერი“ გამოუვიდა. პირადად მე ეს გალაკტიონის თარგმანად კი არა, თხზულებად მეჩვენება…   

ერთ დილას ჩვეულებრივად მივედი სამეცადინოდ, მაგრამ პედაგოგმა მთხოვა, გაკვეთილი გადავდოთ, რაღაც მნიშვნელოვანი საქმე გამომიჩნდაო. მეც ავდექი და ქალაქში სახეტიალოდ წავედი. თავადაც არ ვიცი, რატომ, მაგრამ მთაწმინდის პანთეონში ამოვყავი თავი. საფლავები შევათვალიერე და მივხვდი, რომ ქართულის ცოდნა აქ ფრიად გამომადგებოდა.  

© Levan Avlabreliგალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი

ბიუსტიან საფლავს მივუახლოვდი და ამოვიკითხე: გალაკტიონ ტაბიძე… ზუსტად წინა დღეს მქონდა დასრულებული მისი ერთ–ერთი ლექსის თარგმნა და ეს უნებური გასეირნება ერთგვარ ნიშნად მივიღე… 

გავიდა დრო და მართალია, გაუბედავად, მაგრამ ქართულად ავლაპარაკდი. თუმცა ენის სწავლა არ შემიწყვეტია. პარალელურად წიგნებსაც ვწერდი და ფილმებსაც ვიღებდი, რომლებიც, ასე თუ ისე, საქართველოსთან იყო დაკავშირებული. 

მოსკოვიდან სტუმრები რომ ჩამომდიოდნენ, გალაკტიონის ქუჩაზე მიმყავდა კაფეში და აუცილებლად ვათვალიერებინებდი მისივე სახელობის ხიდს, რომლის მოაჯირსაც დღემდე შემორჩენია საბჭოთა საქართველოს გერბი. მერე კი ქალაქის მარცხენა სანაპიროსკენ შევუყვებოდით ხოლმე. და, რაღა თქმა უნდა, ვანახებდი ერთ ჩვეულებრივ, ხუთსართულიან სახლს, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა.  

© Levan Avlabreliგალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხიდი

ერთ დღესაც სახლის ზღურბლზე გადაბიჯების მიზეზი გამიჩნდა — მოულოდნელად. დაგეგმილი შეხვედრა ორიოდე საათით გადამიდეს და აღმაშენებლის პროსპექტის ახლომახლო გასეირნება გადავწყვიტე. უზნაძის ქუჩას გავყევი, რომელსაც მე–20 საუკუნის დასაწყისამდე „დიდი თავადის“ ქუჩა, ანუ „ველიკოკნიაჟესკი“ ერქვა და სადაც ვაჟთა მეორე გიმნაზია მდებარეობდა. 

სწორედ ამ გიმნაზიაში შეიყვანეს თავდაპირველად ძმის ავადმყოფობის გამო სანქტ–პეტერბურგიდან ტფილისში საცხოვრებლად გადმობარგებული პოეტი, ნიკოლაი გუმილიოვი, და მეოთხე კლასში დასვეს, მოგვიანებით, ექვსიოდე თვის შემდეგ კი პირველ გიმნაზიაში გადაიყვანეს (სხვათა შორის,  სწორედ ტფილისურ გაზეთში დაიბეჭდა 1902 წელს მისი პირველი ლექსი „Я в лесбежализгородов…“, — რედ.). ახლა ამ შენობაში განათლების სამინისტროა განთავსებული…

გზა განვაგრძე და უნებურად გალაკტიონის სახლს მივადექი. სადარბაზოს კარს ხელი ვკარი. გაიღო. მეგონა, შიგნით რაღაც უჩვეულო დამხვდებოდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული — ჩვეულებრივი საცხოვრებელი სახლის სადარბაზო იყო. კიბეს ავუყევი. გალაკტიონის ბინა მეორე სართულზე აღმოჩნდა. ზარი დავრეკე. სადღაც სიღრმიდან მუზეუმის თანამშრომლის ფეხის ხმა მომესმა. კარი გამიღო. ბოდიში მომიხადა, რუსულად დიდი ხანია, არ მილაპარაკიაო და ისიც მითხრა, ექსკურსიამძღოლი ჯერ არ მოსულა, მოგვიანებით იქნებაო. 

© Levan Avlabreliოთახი, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა
ოთახი, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა - Sputnik საქართველო
ოთახი, რომელშიც გალაკტიონი ცხოვრობდა

თუმცა მე გალაკტიონზე ლექცია არ მჭირდებოდა — ისედაც ყველაფერი ვიცოდი. ნებისმიერ ენციკლოპედიაში ამოიკითხავთ, რომ ჭყვიშში დაიბადა 1892  წლის ნოემბერში, მღვდლის ოჯახში, სწავლობდა სასულიერო სემინარიაში — ჯერ ქუთაისში, მერე კი ტფილისში; პირველი წიგნი 22 წლისამ გამოსცა, მერე ოლღა ოკუჯავაზე იქორწინა და მოსკოვში წავიდა, სადაც ბლოკი, ბრიუსოვი და ბალმონტი გაიცნო…

უფრო ბინა მაინტერესებდა, რომელშიც გალაკტიონი სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა. ოლღას აქ მხოლოდ ერთი წელი გაეტარებინა, როცა ორ გადასახლებას შორის თბილისში დაბრუნება მოეხერხებინა.  

© მუზეუმის ფოტოარქივიგალაკტიონ ტაბიძის მეუღლე ოლღა ოკუჯავა
გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე ოლღა ოკუჯავა - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის მეუღლე ოლღა ოკუჯავა
  

ოლღა ცნობილი პოეტის, ბულატ ოკუჯავას მამიდა გახლდათ, რომელსაც ასევე რამდენიმე წელი გაეტარებინა თბილისში — მამის, ნიჟნი ტაგილის რაიკომის პირველი მდივნის დაპატიმრების შემდეგ დედას  ბიჭი თბილისელ ნათესავებთან გამოეგზავნა, რომლებიც გრიბოედოვის ქუჩის №11 სახლში ცხოვრობდნენ. სწორედ აქედან წავიდა ბულატი ფრონტზე და აქვე დაბრუნდა ომის შემდეგ. 

რაღა თქმა უნდა, საკუთარ ლექსებს გალაკტიონს აკითხებდა, რომელიც შემოქმედებას უწუნებდა, მაგრამ ბულატს წერა მაინც არ შეუწყვეტია. 

© მუზეუმის ფოტოარქივიგალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძე

ოლღა ოკუჯავა 1929 წელს დააპატიმრეს ტროცკიზმის ბრალდებით და შუა აზიაში გადაასახლეს. თბილისში მხოლოდ 1937 წელს დაბრუნდა…

გადასახლებიდან ის გალაკტიონს საოცარ წერილებს წერდა: 

„ჩემო ძვირფასო, როგორ ვდარდობ, როგორ ვდარდობ შენზე. ასე მგონია, თავის დროზე არაფერი გაქვს — სიმშვიდე, სიმყუდროვე. მინდა, რომ არ გვჭირდებოდეს არაფერზე ფიქრი და ზრუნვა. როგორ მსურს, ვიყო შენს გვერდით, რათა გქონდეს ყველაფერი აუცილებელი იმისთვის, რომ სრულყოფილად დაისვენო, იმკურნალო და შემდეგ ხელახლა შეუდგე შემოქმედებით შრომას. ასე არ შეიძლება, ჩემო კარგო, უნდა იფიქრო ჯანმრთელობაზე და ისე მოიქცე, როგორც მეგწერ. გააკეთე ეს ჩემი ხათრით, თუ გინდა, რომ შემდეგ კარგად იმუშაო. შენ პატარა ბავშვივით ხარ, სრულებით ვერ ერკვევი პრაქტიკულ საკითხებში და მე გული მტკივა, რომ არ შეგიძლია, მიხედო შენს თავს…“

„4 ივლისს მე ისევ მივიღე სამასი მანეთი. მერიდება, ამდენ თანხას რომ მიგზავნი, შენ კი, ალბათ, უარს ამბობ ყველაფერ აუცილებელზეც კი. ეგების ჩემი გულისთვის შიმშილობ კიდეც? მაშინ ნაკლები გამომიგზავნე, გემუდარები!..“ 

© გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმიოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე
ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე

„ძალიან ძნელია უშენობა, გალ! ტკივილამდე ძნელია! ცრემლებს ვერ ვიკავებ. თურმე როგორ უგონოდ მყვარებიხარ, ჩემო გალ! გკოცნი უსასრულოდ… მე შენი მკერდი ცრემლით დავნამე, გალ, მინდა ძლიერ ჩაგეკონო, ისე ძლიერ, რომ…“

და უკანასკნელი წერილი, დათარიღებული 1941 წლის 19 მარტით:

„ჩემო ძვირფასო, ჩემო უგონო სიყვარულო! აი, მიიღე ჩემგან ეს მინდვრის ყვავილები. ისინი ნორჩებია და უტყვი, მაგრამ მაინც თავდავიწყებით მოისწრაფვიან შენსკენ. ჩემო ძვირფასო, ყოველდღიურად გადავცემ შენს მოკითხვებს ჰაერის ტალღებს. გესმის? ხო, მე არ ვიღებ შენს წერილებს. ო, მე მიყვარს დუმილი, მაგრამ რარიგ ძნელია, მთელი სიცოცხლე ესაუბრო დუმილს. არ გსაყვედურობ. არ არის საჭირო. მაინც მოგწერ და მოგწერ ბარათებს, სანამ ცხოვრების ქარიშხალი სამუდამოდ არ დამიხუჭავს თვალებს…“

ისინი თბილისში ყოფნისასაც წერდნენ ერთმანეთს წერილებს, რომლებიდანაც ჩანს, რომ ოლღასა და გალაკტიონს რთული ცხოვრება ჰქონდათ. ოლღა წერდა: „გალ, ქუჩიდან მეძველმანე მოვიყვანე. მივყიდე ბოთლები 14 მანეთად და 28 კაპიკად. 2 მანეთად კარტოფილი ვიყიდე, დანარჩენს, როდესაც დავბრუნდები მაშინ მოგცემ“. 

© გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმიოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე
ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
ოლია ოკუჯავა და გალაკტიონ ტაბიძე

მალე ოლღა ისევ დააპატიმრეს და მან სამუდამოდ გაიხურა ბინის კარი… 1941 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ „ხალხის მტრად“ შერაცხული ოლღა ოკუჯავა დახვრიტა… 

წლების შემდეგ ბულატ ოკუჯავა დაწერს სტრიქონებს: 

Тетя Оля, ты — уже история:

нет тебя — ты только лишь была.

Вот твоя ромашка, та, которая

из твоей могилки проросла.

Вот поэт, тогда тебя любивший,

муж хмельной — небесное дитя,

сам былой, из той печали бывшей,

из того свинцового житья.

А на фото свадебном, на тусклом,

ты еще не знаешь ничего:

ни про пулю меж Орлом и Курском,

ни про слезы тайные его.

Вот и восседаешь рядом тихо 

У не страшных, у входных дверей,

словно маленькая олениха,

не слыхавшая про егерей.

ბინა–მუზეუმის კედელზე გალაკტიონისა და ოლღას ქორწილის ფოტოა გამოფენილი — ახალგაზრდა, მშვენიერი წყვილისა, რომელთაც თითქოს ყველაფერი საუკეთესო წინ უნდა ჰქონოდათ…  

© Levan Avlabreliგალაკტიონ ტაბიძის სამუშაო მაგიდა
გალაკტიონ ტაბიძის სამუშაო მაგიდა - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძის სამუშაო მაგიდა

აქვეა გადასახლებიდან დაბრუნებული ოლღას  ფოტოც, გალაკტიონთან ერთად — სახეებზე ეტყობათ, რომ უკვე იციან, რაც ელოდებათ… 

ოლღას დაპატიმრებისა და მის ხალხის მტრად გამოცხადებამდე  გალაკტიონს საბჭოთა იმპერიის უმაღლესი ჯილდო — ლენინის ორდენი გადასცეს. რა უნდოდათ — მოტყუება თუ გულის მოგება? 

გალაკტიონი ყველაფერს ხვდებოდა…  მიუხედავად იმისა, რომ ტიციან ტაბიძისგან განსხვავებით, ის არ დაუპატიმრებიათ, მან ძალიან, ძალიან ძვირი ფასი გადაიხადა ამ თავისუფლებაში.  

მერე ის კვლავ დაქორწინდა… მერე ისევ… მესამე ცოლმა ბინა ქმრის, გალაკტიონის გარდაცვალების შემდეგ დატოვა, მაგრამ მუზეუმად ის მხოლოდ 2000–იან წლებში გადააკეთეს. ახლა იქ მისი ნაქონი ნივთებიდან მხოლოდ საწერი მაგიდაღაა შემორჩენილი…

სწორედ ამ მაგიდასთან ქმნიდა მთვრალი პოეტი გენიალურ ლექსებს…, ან სულაც კედელზე მიყრდნობილსპირდაპირ შპალერზე გამოჰყავდა მარადიული სტრიქონები…  

© მუზეუმის ფოტოარქივიგალაკტიონ ტაბიძე
გალაკტიონ ტაბიძე - Sputnik საქართველო
გალაკტიონ ტაბიძე

ნეტავ, თუ ხვდებოდა, რომ იმ დღეს უკანასკნელად ჩადიოდა ამ კიბეზე?.. 

ოფიციალური ვერსიით, პოეტს ალკოჰოლიზმით დამძიმებული დეპრესია ჰქონდა. იქნება, ვერც აცნობიერებდა,  რა სჭირდა… იქნებ იმას კი ხვდებოდა, რა სჭირდა მის ქვეყანას და ამას აღიქვამდა პირად ტრაგედიად?..

ბინა–მუზეუმიდან გამოვედი. დეკემბრის ბოლო იდგა — მზიანი, თბილი და რაღაცნაირად კეთილი. სახლს რომ დავშორდი, უკან მივიხედე: აივანზე მუზეუმის თანამშრომელი ქალბატონი იდგა და ეწეოდა…

უბედური იყო გალაკტიონი… უბედური იყო და სვამდა. თანაც ყველაფერი კარგად იცოდა — საკუთარი გენიალობაც და გარდაუვალი ბოლოც…

აი, ესეც გალაკტიონის ჩემი პირველი თარგმანი:

Солнце, когдане любит, 

Непоявляетсяна небе. 

Лес не колышется, ветерок не веет.

Если не любишь, не радует и красота,

И бессмертие не нужно, если душа пуста… 

 

ყველა ახალი ამბავი
0