თბილისი, 20 ივნისი – Sputnik. რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების ზოგადი შედეგები უნდა შეაჯამოს არაუგვიანეს 3 ოქტომბრისა, ერთმანდატიანი ოლქების შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 22 სექტემბრისა, ტერიტორიული საარჩევნო კომისიები ანგარიშს ჩააბარებენ არაუგვიანეს 20 სექტემბრისა, აღნიშნულია სათათბიროს დეპუტატების საარჩევნო კამპანიის კალენდარულ გეგმაში, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“.
რუსეთის ცესკომ ორშაბათს სხდომაზე მეშვიდე მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს საარჩევნო კამპანიის კალენდარული გეგმა დაამტკიცა, სადაც ყველა ძირითადი თარიღია გაწერილი. არჩევნები 18 სექტემბერს გაიმართება.
„არჩევნების შედეგების განსაზღვრა ასევე მკაფიოდ არის კანონით განსაზღვრული, ამომრჩევლის ხმების დათვლა კენჭისყრის დასრულებისთანავე ტარდება შეუსვენებლივ, საბოლოო შედეგების დადგენამდე“, – განაცხადა ცესკოს მდივანმა მაია გრიშინამ სხდომის მსვლელობისას.
კერძოდ, როგორც კალენდარულ გეგმაშია აღნიშნული, ტერიტორიული საარჩევნო კომისიები ანგარიშს ჩააბარებენ არაუგვიანეს 20 სექტემბრისა, ერთმანდატიანი ოლქების შედეგები ცნობილი გახდება არაუგვიანეს 22 სექტემბრისა.
„ცოტა მეტი დრო ეძლევა ცესკოს არჩევნების საერთო შედეგების შეჯამებისთვის – 3 ოქტომბრამდე, მაგრამ, ტრადიციულად, ცნობილია, რომ ცესკო გადაწყვეტილების მიღებას უფრო ოპერატიულად ცდილობს, ჩვენ კი აქ კანონით განსაზღვრული ვადები მივუთითეთ“, – დასძინა კომისიის მდივანმა.