თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. თბილისის „დინამო“, რომელიც ამ სეზონზე საქართველოს ჩემპიონი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგაში სომხეთის „ალაშკერტს“ შეხვდება. უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების კენჭისყრა ორშაბათს შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართა.
პირველ მატჩს „დინამო“ თბილისში 12/13 ივლისს ჩაატარებს, ხოლო საპასუხო თამაში 19/20 ივლისს გაიმართება.
დღესვე გამოირკვა ქართული კლუბების მეტოქეები უეფას ევროპის პირველ საკვალიფიკაციო რაუნდში.
„სამტრედია“ და „ჩიხურა“ პირველ გასვლით ორთაბრძოლებს აზერბაიჯანის „ჰაბალისა“ და მოლდოვის „ზიმბრუს“ წინააღმდეგ გამართავენ. გორის „დილა“ პირველ მატჩში გორში სომხურ „შირაქს“ დაუპირისპირდება.
პირველი მატჩები 30 ივნისს გაიმართება, ხოლო საპასუხო — 7 ივლისს.