თბილისი, 19 ივნისი – Sputnik. „კანონიერი ქურდი“ დავით გერლიანი, რომელიც კრიმინალურ წრეებში „სვანას“ სახელითაა ცნობილი, უკრაინიდან საქართველოშია დეპორტირებული. ინფორმაცია ამის თაობაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა გივი თარგამაძემ გაავრცელა.
სოციალურ ქსელში თავის გვერდზე თარგამაძემ ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელიც დეპორტაციის პროცესს ასახავს. თარგამაძის ვერსიით, გერლიანი საქართველოში შაბათს, ოდესა–თბილისის რეისით ჩამოფრინდა.
„გამოქვეყნებული ვიდეო დეპორტაციის პროცესს ასახავს. ველი შსს-ს მოქმედებებს ან მორიგ ოპუსს თვითმფრინავიდან ადამიანის გაუჩინარების შესახებ“, – წერს თარგამაძე.
დავით გერლიანი 1972 წელს სოხუმში დაიბადა. „კანონიერი ქურდი“ თურქეთში 2014 წელს გახდა. უკრაინაში დაკავების დროს მას დედის გვარზე (ჩაჩიბაია) ჰქონდა პასპორტი.
საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წევრობა სისხლის სამართლის დანაშაულია. სსკ-ში არის მუხლი „ქურდული სამყაროს წევრობა, „კანონიერი ქურდი“, რაც ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.