თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანეთის ტურნეში მეორე ტესტ-მატჩი, ტონგას ნაკრებთან ანგარიშით 23:20 დაასრულა.
მატჩის პირველი ნახევარი ქართველთა უპირატესობით გამოირჩეოდა, რაც მატჩის ანგარიშზეც აისახა — 13:10. საქართველოს ნაკრებიდან პირველი ლელო დავით კაჭარავამ დადო, გარდასახვა და საჯარიმო კი ზუსტად კი მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა.
მეორე ტაიმში ტონგელებმა წარმატებას მიაღწიეს და დაწინაურდნენ კიდეც. განსაკუთრებით დაძაბული ბოლო წუთები გამოდგა, რომელიც მთლიანად ქართველი მორაგბეების შეტევით წარიმართა. თამაშის ბოლო წამებზე კაჭარავამ მეორე ლელო დადო, ლაშა მალაღურაძემ კი გარდასახა, რამაც მატჩის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა. ფიჯიზე გამართული მატჩი „ბორჯღალოსნების“ გამარჯვებით, ანგარიშით 23:20 დასრულდა.
საქართველოს ნაკრებმა უკვე მეორედ დაამარცხა ტონგას გუნდი. გასულ წელს გამართულ ჩემპიონატზე ქართველმა რაგბისტებმა ტონგას ნაკრები ანგარიშით 17:10 დაამარცხეს.
ოკეანეთის ტურნეში პირველი შეხვედრა "ბორჯღალოსნებმა" სტუმრად სამოასთან ფრედ 19:19 დაასრულეს, დასკვნით მატჩს კი 24 ივნისს, მასპინძელ ფიჯისთან გამართავენ.