თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ თბილისის სამშობიარო სახლების მონიტორინგი დაიწყო, რომლის შემდეგაც მათ სამ კატეგორიად დაყოფენ, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე.
რეფორმის მიზანია სამშობიარო სახლებში მშობიარეებისა და ახალშობილებისთვის არსებული პირობების გაუმჯობესება.
„იმერეთში უკვე დასრულდა ეს პროცესი და 16 სამედიცინო დაწესებულება უკვე დაიყო დონეების მიხედვით. ახლა ეს პროცესი თბილისში გრძელდება“, — განაცხადა მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა
მისი თქმით, დაწესებულებებს, რომლებიც პირველი შემოწმებისას ვერ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, მიეცემათ რეკომენდაციები ცდომილებების გამოსასწორებლად, რათა მორიგი შემოწმებისას შეძლონ დონის აღება.
პირველი კატეგორიის სამშობიარო სახლებმა მშობიარეები უნდა დააკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მშობიარობისათვის აუცილებელი ყველა პირობით, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საკეისრო კვეთაც უნდა ჩაატარონ.
მეორე კატეგორიის საავადმყოფოები უფრო რთული შემთხვევებით იქნებიან დაკავებულები.
მესამე კატეგორიის საავადმყოფოები — ეს სპეციალიზებული, მრავალპროფილიანი სამედიცინო დაწესებულებებია, რომლებმაც ურთულეს შემთხვევებსაც კი უნდა გაართვან თავი.
ეს უკანასკნელი მოემსახურება იმ პაციენტებს, რომლებსაც გარდა გინეკოლოგიური და სამეანო მომსახურებისა, ასევე ესაჭიროებათ სხვა დარგის სპეციალისტების მომსახურებაც, მაგალითად, კარდიოქირურგისა, ნეიროქირურგისა და სხვ.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპილოტო პროექტი, რომელიც 2015 წელს დაიწყო იმერეთში, რაჭა–ლეჩხუმსა და სვანეთში, მთელ საქართველოში განხორციელდება.