ძალიან დილა მშვიდობისა!
დღეს რაღაც განსაკუთრებულად ფილოსოფიურ განწყობაზე გამომეღვიძა, რადგან გუშინ, თქვენთან შესახვედრად რომ ვემზადებოდი, დღის თემიდან გამომდინარე ამეკვიატა ერთი მეტად სერიოზული კითხვა, რომელიც უხსოვარი დროიდან აწუხებს კაცობრიობას: რა არის, ბოლოს და ბოლოს, ეს ნანატრი თავისუფლება?
იმდენი რამ გადავიკითხე, მთლად დავიბენი. ზოგიერთი ბრძენი ამბობს, რომ თავისუფლება არის პასუხისმგებლობა, ზოგის აზრით, ზედმეტი ფუფუნებაა, ზოგს მიაჩნია, რომ სიგიჟეა, რადგან მხოლოდ გიჟია ბოლომდე თავისუფალი.

იაპონური ტანკების მიხედვით, თავისუფლება საკურას ვარდისფერი ფურცლების უხმო გადაფრენაა ტოტიდან ტოტზე. ინდოელები ამტკიცებენ, რომ ნამდვილი თავისუფლება ისაა, როდესაც ყველა კარი ღიაა, შენ კი დარჩენას ამჯობინებ, რადგან ფრენა გალიაშიც შეგიძლია.
რემარკი კატეგორიულად აცხადებს, რომ თავისუფალია მხოლოდ ის ადამიანი, რომელსაც აღარაფერი დარჩა დასაკარგი. სენეკა კი საერთოდ ყველა იმედს გვიწურავს და გვირჩევს, ტყუილად არ ვეძებოთ თავისუფალი ადამიანი, რადგან ყოველი ჩვენგანი, შესაძლოა, ერთი რამის, მაგრამ მონაა.
შედარებით ადვილად გავუგე კაცურ კაცს, ალექსანდრე დიუმას, რომელმაც უბრალოდ განმარტა: „თავისუფლება არ ნიშნავს, აკეთო ის, რაც გინდა. თავისუფლება ნიშნავს არ აკეთო ის, რაც არ გსურს“.

მაგრამ სულ ბოლო მომენტში დიუმასაც ვუღალატე, იმდენად მომეწონა შეუდარებელი სალვადორ დალის განსხვავებული ხედვა: „თავისუფლება ჰგავს მოხარშულ ისპანახს — უფორმოა და რბილი“.
თითქოს გაუგებარია, მაგრამ, რომ დაუფიქრდე, მართალია… ყოველ შემთხვევაში, ვერავინ შემეკამათება.
ასე რომ, დაწყნარებული და ფიქრებდალაგებული, ტრადიციულად გეპატიჟებით ჩვენ აივანზე, სადაც შეგიძლიათ მოწიოთ პაპიროსი, იხუმროთ, ცოტა გაიპრანჭოთ კიდეც… მოკლედ, თავი იგრძნოთ სრულიად და ბოლომდე თავისუფლად, რადგან ზუსტად ამ დღეს, 1855 წლის 17 ივნისს აშშ-ის სანაპიროს მიადგა ფრეგატი „იზერე“, რომელმაც ამერიკელ ხალხს ჩაუტანა ფრანგი ხალხის საოცარი საჩუქარი — უზარმაზარი ქანდაკება, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში თავისუფლების სიმბოლოდ მიიჩნევა.

რაღა თქმა უნდა, ქანდაკება, რომლის ავტორიც ფრანგი მოქანდაკე ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდია, დაშლილი იყო 124 ყუთში სათუთად ჩალაგებულ 350 ნაწილად და მის აწყობას მთელი 4 თვე დასჭირდა. სხვათა შორის, ქანდაკების კარკასის დამპროექტებელი გახლდათ თავად ალექსანდრ გუსტავ ეიფელი, ხოლო ქანდაკების სახის პროტოტიპი – საკერავი მანქანების მსოფლიოში სახელგანთქმული მწარმოებლის ისააკ ზინგერის მეუღლე იზაბელა ბოიერი.
მოლაპარაკებისამებრ, ქანდაკების კვარცხლბეკი დამზადდა ამერიკაში (ავტორი – ამერიკელი არქიტექტორი მორის ჰანტი). მისთვის შესაწირების შეგროვებას კი სათავეში ჩაუდგა ამერიკელი ჟურნალისტი, „ყვითელი პრესის“ ფუძემდებელი ჯოზეფ პულიტცერი, ვის სახელსაც ატარებს აშშ-ის უმაღლესი პრემია ჟურნალისტიკაში.
ქანდაკების გახსნა მოხერხდა მხოლოდ 1886 წლის ოქტომბერში. სადღესასწაულო ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტი გროვერ კლივლენდი.

არ დაიჯერებთ და, ქანდაკება თავიდან იყო მოწითალო-მოყავისფრო და დროთა განმავლობაში, სპილენძის შემცველობის გამო იცვალა ფერი — გამწვანდა.
დღეს იმისთვის, რომ ქანდაკებას მიუახლოვდე, უნდა აიარო 102 საფეხური კვარცხლბეკის ფუძემდე, ან 365 საფეხური — ქანდაკების შვიდსხივიან გვირგვინამდე. მისი სიმაღლე მიწიდან 93 მეტრია.
ვინც ჯერ ვერ მოასწარით მისი ცხადად ნახვა, მასშტაბების წარმოსადგენად გეტყვით, რომ ქანდაკების საჩვენებელი თითის სიგრძეა 2.44 მეტრი, ცხვირის სიგრძე — 1.37 მეტრი, წელის გარშემოწერილობა — 10.7 მეტრი და, რაც მთავარია, თავისუფლების ქანდაკებას 878 ზომის ფეხი ამშვენებს (მგონი მეშველა! თურმე, უმა თურმანის გარდა, ჩემზე დიდფეხიანი კიდევ ერთი მანდილოსანი არსებობს).
ქანდაკება არის გამოწყობილი გაშლილ სამოსში, მარჯვენა ხელში უჭირავს ლამპარი, მარცხენაში კი დაფა, რომელსაც აწერია ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების თარიღი: 1776 წლის 4 ივლისი.







ბოლოს კი, არ შემიძლია, ცოტა არ გაგამხიარულოთ და არ გავიხსენო ერთი ანეკდოტი:
თავისუფლების ქანდაკების წინ დგას ორი ებრაელი, ერთი მეორეს ეუბნება:
— აბრამ, რაც გინდა თქვი, მაგრამ ეს სწორედაც დეიდა სარას ქანდაკებაა. მხოლოდ მას შეეძლო სტუმრების მისაღებად გასვლა ცალ ხელში პრიმუსითა და მეორე ხელში ბინის ქირის გასადახდელი ქვითრებით… თანაც, ღამის პერანგში და თავზე ბიგუდებით…
გისურვებთ ბედნიერ და მხიარულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე