თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა უელსთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში გაიმარჯვა.
მატჩი „ფელიქს ბოლარის“ სტადიონზე გაიმართა ლანსში და ანგარიშით 2:1 დასრულდა ინგლისელების გამარჯვებით. შეხვედრაში ანგარიში უელსელმა გარეტ ბეილიმ გახსნა საჯარიმო დარტყმით 42–ე წუთზე.
მომდევნო ბურთი მეტოქის კარში ინგლისელმა ჯეიმი ვარდიმ გაიტანა 56–ე წუთზე, ხოლო გამარჯვების გოლის ავტორი დენიელ სტარიჯი გახდა დამატებით დროში.
ამრიგად, ინგლისელების ანგარიშზე 4 ქულაა და ჯგუფშიც სწორედ ის ლიდერობს. მეორე ადგილზე უელსელები არიან, მესამეზე — სლოვაკები, ხოლო ბოლო, მეოთხე ადგილზე — რუსეთის ნაკრები.
მომდევნო შეხვედრას ინგლისის ნაკრები 20 ივნისს გამართავს სლოვაკეთის ნაკრებთან, ხოლო უელსის ნაკრები — რუსეთის ნაკრებს შეხვდება.