„ანდროპოვის ყურები“ ესტონურ დიზაინში და ძველთბილისური სახინკლე იტალიელებისთვის

© tamta gotsadze"გაყინული შადრევანი"
გაყინული შადრევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხელოვნებაში მთავარია ეროვნულ კულტურაზე დაყრდნობით რაიმე ახალი და განსაკუთრებული შექმნა. ცხოვრებაში კი მნიშვნელოვანია, შენს სურვილებს ერთად მოუყარო თავი და მათ განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგე...

ბავშვობიდან მარტო „თავისთვის“ ხატავდა, საბოლოოდ კი ისე გამოდიოდა, რომ მისი ნახატები სერიოზულ საერთაშორისო კონკურსებზე იმარჯვებდა. დღეს მილანის ახალი ხელოვნების აკადემიის სტუდენტია და ცდილობს, საკუთარი კრეატიული ხედვა ყოველივე ქართულს და ეროვნულს ნიჭიერად მოარგოს. საუბარია მხატვარ-დიზაინერ თამთა გოცაძეზე.

– თამთა, რამდენადაც ვიცი, სხვადასხვა კონკურსებზე ბავშვობიდან იმარჯვებდი.

— ბავშვობიდან მარტო ჩემთვის ვხატავდი, მშობლები კი ამ ნახატებს კონკურსებზე აგზავნიდნენ. იმ დროს არც ვიცოდი, რაიმე განსაკუთრებულს თუ ვქმნიდი. 2010 წელს მონაწილეობა მივიღე მსოფლიოს დელფიურ თამაშებში, სადაც 19 ქვეყანა იყო წარმოდგენილი. აქ ნომინაციაში „ფერწერა“ საქართველოს სახელით გამოვედი და ბრინჯაოს მედალი ავიღე. ბულგარეთის ფესტივალის დროს სკოლის მოსწავლე ვიყავი და მონაწილეობა მივიღე ორ ნომინაციაში: „მხატვრობა“ და „ფოტოგრაფია“. ის დრო ძალიან კარგად მახსენდება. რამდენიმე ნახატი გავყიდე კიდეც.

© TAMTA GOTSADZEთამთა გოცაძე
თამთა გოცაძე - Sputnik საქართველო
თამთა გოცაძე

– დღეს მილანის ახალი ხელოვნების აკადემიის სტუდენტი ხარ, თუმცა სხვა არჩევანიც გქონდა…

— დიახ, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ვაბარებდი და შემეძლო ესტონეთის აკადემიაშიც მესწავლა, სადაც ჩემი პროექტი ძალიან მოიწონეს. იტალიაში სწავლის სურვილი ყოველთვის მქონდა და არც მჯეროდა თუ იქ ჩავირიცხებოდი. მილანის ამ აკადემიაში სწავლა წელიწადში 16 000 ევრო ღირს, ჩემი ოჯახი ამ თანხას ვერ გადამიხდიდა, ამიტომ გადავწყვიტე, საგრანტო კონკურსში მიმეღო მონაწილეობა.

საკონკურსო დავალება ასეთი იყო: საზკვების ობიექტისთვის „ექსტრაორდინალური სივრცე“ უნდა შეგვექმნა. ბევრი ვიფიქრე, ჩვენთან საზოგადოებრივი თავშეყრის ყველაზე პოპულარული ადგილი, კარგად იცით, სახაჭაპურე ან სახინკლეა. სახაჭაპურეს იდეა საინტერესოდ არ მომეჩვენა და არჩევანი სახინკლეზე შევაჩერე. თან ხინკალი უფრო განსხვავებული და ეგზოტიკურია უცხოელებისთვის. ობიექტი ძველთბილისურ სტილში გავაკეთე, სადაც ხევსურული ხალიჩაც გამოვიყენე. მინდოდა ინტერიერში შემენარჩუნებინა ის გარემო, რაც ქართულს ქართულად ხდის. სიმართლე გითხრათ, დიდი იმედიც არ მქონია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩემმა პროექტმა გაიმარჯვა და პირველი ადგილი აიღო. მე კი 60%-იანი გრანტი ავიღე და დღეს ბედნიერი ვარ.

– თამთა, გარდა ამისა, ესტონეთის აკადემიისთვისაც მოამზადე პროექტი, რისთვისაც შენი თაობისთვის უცნობი, მაგრამ თავის დროზე თბილისში პოპულარული „ანდროპოვის ყურები“ გამოიყენე. როგორ გაგიჩნდა ასეთი ავანტიურული იდეა?

— ესტონეთის სამხატვრო აკადემიაში ინტერიერის დიზაინის ფაკულტეტზე ვაბარებდი. იქ მიღების მეტად საინტერესო ფორმა არსებობს, სწავლა უფასოა, მაგრამ სტუდენტებს ძალიან შერჩევით იღებენ. რაც შეხება ჩემს პროექტს, ეს იყო: „ცნობილი ესტონელი კომპოზიტორის ლეპოს სუმერას ნაწარმოების გარდაქმნა ფიზიკურ ობიექტად“. დავალება ასეთი იყო: ესტონელი კომპოზიტორის კონკრეტული მუსიკის მიხედვით საინტერესო ობიექტი უნდა შეგვექმნა, ანუ ეს მუსიკა საგნობრივად, ვიზუალურად უნდა გამოგვესახა. ეს კომპოზიტორი საბჭოთა პერიოდში მოღვაწეობდა, მაგრამ იმ წყობას ხოტბას არასოდეს ასხამდა. იგი 2000 წელს გარდაიცვალა. მე უნდა ამეღო საბჭოთა პერიოდის დროინდელი რაიმე ობიექტი და მისგან მოდერნიზებული რამ შემექმნა. ბევრი ვიფიქრე და გამახსენდა თბილისში არსებული „გაყინული შადრევანის“ არქიტექტურული ქმნილება, რომელსაც თბილისელებმა ხუმრობით,,ანდროპოვის ყურები“ შეარქვეს. მათი ავტორები ოთარ კალანდარიშვილი და გიზო ფოცხიშვილი არიან. მე პირადად ქალაქში მათი ეს ნამუშევარი არ მინახავს, მაგრამ ფოტოებიდან ვიცი და, ჩემი აზრით, საინტერესო ნამუშევარია. ესტონელი კომპოზიტორის მუსიკაში ერთი და იგივე ბგერები ხშირად მეორდება და ამიტომ გამიჩნდა ამ ნამუშევართან ასოციაცია. შევეცადე ეს კომპოზიცია საბჭოთა სტილში გამეკეთებინა, რაც ესტონეთში ძალიან მოეწონათ. ამ პროექტმა ლაურეატობა მომიტანა. საოცარი განცდაა, როდესაც დიდი შრომა გიფასდება.

© TAMTA GOTSADZEთამთა გოცაძის „ექსტრაორდინალური სივრცე“
თამთა გოცაძის  „ექსტრაორდინალური სივრცე“ - Sputnik საქართველო
თამთა გოცაძის „ექსტრაორდინალური სივრცე“

– ამ გადასახედიდან და ამ ასაკში როგორ ფიქრობ, ხელოვნებასა და ცხოვრებაში ყველაზე მთავარი რა არის?

— კონკურსებისთვის შექმნილ პროექტებში ყოველთვის ვცდილობდი შემენარჩუნებინა ნაციონალური ხასიათი და დეტალები, რაც ერთის მხრივ ყოველთვის განასხვავებდა სხვა დანარჩენისგან, ამასთანავე მათ მნახველისთვის ბევრად საინტერესოს ხდიდა. ასე რომ, ხელოვნებაში მთავარია, ეროვნულ კულტურაზე დაყრდნობით რაიმე ახლისა და განსაკუთრებულის შექმნა. ცხოვრებაში კი მნიშვნელოვანია, შენს სურვილებს ერთად მოუყარო თავი და მათ განხორციელებას ნაბიჯ-ნაბიჯ შეუდგე. ზუსტად ვიცი, რომ მინიმალურიც კი მხოლოდ შრომის ხარჯზე იქმნება…

ყველა ახალი ამბავი
0