თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. აშშ-ის სხვადასხვა შტატიდან ოცამდე ვოლონტიორი ძაღლი გაიგზავნა ორლანდოს ტერაქტში გადარჩენილებისა და ღამის კლუბში დაღუპულთა ოჯახების წევრების დასახმარებლად, იუწყება "Sputnik უზბეკეთი" მსოფლიო მასმედიაზე დაყრდნობით.
ინსტრუქტორებთან შეხვედრის შემდეგ ორგანიზაცია Comfort Dogs-ის ოქროსფერი რეტრივერები ჰოსპიტლებში, პოლიციის განყოფილებებში, სახლებსა და ეკლესიებში გადაჰყავთ იმათ დასახმარებლად, ვინც დღემდე სტრესშია მომხდარის შემდეგ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა Comfort Dogs-ის ძაღლები ტერორისტული აქტების შემდეგ ადამიანებს ეხმარებიან. პირველად ისინი ბოსტონის მარათონში დაღუპულების ახლობლებთან ჩაიყვანეს თერაპიისთვის, მერე ორეგონში გაამგზავრეს Umpqua Community College-ში მოწყობილი ხოცვა–ჟლეტის შემდეგ, 2012 წელს კი სენდი ჰუკში მომხდარი მასობრივი მკვლელობის შედეგების „აღმოსაფხვრელადაც“ მიავლინეს.
ორგანიზატორები ამბობენ, რომ ორლანდო მაინც განსაკუთრებული შემთხვევაა, ვინაიდან გეი–კლუბ Florida Pulse-ს ტერაქტი ყველაზე დიდი მასობრივი მკვლელობაა აშშ-ის ისტორიაში — იქ სროლებისას 50 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 53 დაიჭრა.
Comfort Dogs-ის ერთ–ერთი ორგანიზატორის თქმით, ძაღლებს აქვთ ის თვისებები, რაც ადამიანებს არ გააჩნიათ.
ტეხასელი ოქროსფერი რეტრივერი ფიბი დროის უმეტეს ნაწილს ჰოსპიტალში ატარებს, სამხრეთ კაროლინელი საშა ტერაქტისას დაღუპულთა ოჯახების წევრებთან იმყოფება, ჩიკაგოელი რუთი კი პოლიციის ოფიცრებთანაა.
ილინოისელი მალა იმ სასტუმროში მიიყვანეს, სადაც ტერაქტისას დაშავებულთა ახლობლები ცხოვრობენ, ბელვედერელი კაი კი თავად დაჭრილებთან „მუშაობს“.
კაის ფეისბუქ-გვერდზე წერია: „როცა რასელს პირველად შევხვდი (ერთ–ერთი დაშავებული — რედ.), ჟურნალისტები ეხვია გარს. ყველას უნდოდა ადგილობრივ ლგბტ აქტივისტსა და კლუბ Pulse–ს თანამშრომელს გასაუბრებოდა და გაეგო, რა მოხდა. მე კი ერთი სიტყვის მოსმენაც არ დამჭირდა, ისე მივუხვდი ყველაფერს“.