წითელი ღვინის სამკურნალო თვისებების თაობაზე არაერთხელ თქმულა და დაწერილა. ლამის ყველა ჩვენგანმა იცის, რომ ის გულის უებარი მკურნალია, მაგრამ ის, რაც კანადის უდიდესი და უძველესი, ალბერტის უნივერსიტეტის სწავლულებმა დაასკვნეს ახლახან ჩატარებული კვლევის შემდეგ, ალბათ, ჯერ ძალიან ცოტას თუ სმენია.
კვლევამ, რომელსაც ჯეისონ დაიკი ხელმძღვანელობდა, აჩვენა, რომ ერთი ჭიქა წითელი ღვინო თავისუფლად ანაცვლებს… 1 საათით ვარჯიშს ტრენაჟორებზე.
მთელი საქმე ისაა, რომ წითელ ღვინოში შემავალი რესვერატროლი — ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ზრდის რა გულის კუნთის შეკუმშვის რაოდენობას, ამაგრებს გულს, ხოლო კუნთებს უფრო გამძლესა და ძლიერს ხდის, არეგულირებს სისხლში შაქრის შემცველობას და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქვს ანტიასაკობრივი ეფექტი. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ზუსტად ისე მოქმედებს ორგანიზმზე, როგორც ფიზიკური ვარჯიში.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ის ხალხი, ვინც დილაობით ერთ ჭიქა წითელ ღვინოს მიირთმევს, ნაკლებად ავადდება კიბოთი და გონებასუსტობით.
სხვათა შორის, რუსი სწავლულები რამდენიმე წლის წინ იმასაც ამტკიცებდნენ, რომ რესვერატროლი, გარდა იმჟამად ცნობილი სიკეთეებისა, სისხლის შედედებასაც უწყობს ხელს — განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ… „საფერავს“ მიირთმევთო.
და ბოლოს, თუ ღვინო არ გიყვართ, ვერ სვამთ, მაგრამ ინტერესის გამო ეს პუბლიკაცია მაინც წაიკითხეთ, იცოდეთ: რესვერატროლი ასევე შედის შავი ყურძნის კანში, მიწის თხილში, კაკაოსა და მოცვში. იმედია, ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც გიყვართ.