თბილისი, 13 ივნისი – Sputnik. ტყეში დაკარგული შვიდი წლის ლუკა ომიაძე ძაღლმა სიკვდილისგან იხსნა, დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე საჩხერის გამგებლის მოადგილე ელგიზ ქიმაძემ.
ლუკას პოვნის შემდეგ ბავშვი ყვებოდა, რომ მთელი ღამე ძაღლს ეხუტებოდა, რადგან სციოდა და ეშინოდა. ინციდენტი 11 ივნისს სოფელ უზუნთაში მოხდა, სადაც ლუკა სტუმრად იყო ჩასული. სამძებრო სამუშაოები 11 ივნისს ღამით ძლიერმა წვიმამ გაართულა.
„ერთადერთ იმედად გვრჩებოდა ბავშვის მეგობარი პატარა ძაღლი სახელად "მურა", რომელიც ბავშვს თან ახლდა და არც ის ჩანდა“, – წერს ქიმაძე.
ბავშვს ეძებდნენ შსს–ს რაიონული ადმინისტრაციის, სახანძრო სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა.
12 ივნისს, დილით გამოჩნდა ძაღლი, მას მოჰყვა მამაკაცი, რომელსაც ლუკა ხელში აყვანილი მოჰყავდა.
„ყველანი, ვინც იქ ვიყავით, ცრემლებს ვერ ვიკავებდით, საბედნიეროდ ეს სიხარულის ცრემლები იყო. დიდი მადლობა ყველას გვერდში დგომისათვის და განსაკუთრებული მადლობა ლუკას მეგობარ ძაღლს, მურას. ეს მართლა სასწაულია!!!“ — აღნიშნა ელგიზ ქიმაძემ.