თბილისი — 13 ივნისი Sputnik. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული მაშველებისა და მეხანძრეების ოჯახები კომპენსაციის სახით, 100-100 ათას ლარს მიიღებენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
ერთჯერადი კომპენსაციის გარდა, ოჯახები ყოველთვიურად, დახმარების სახით, 1000 ლარს მიიღებენ. შესაბამისი კანონპროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა.
„რა თქმა უნდა, ყველა მათგანს უნდა ვუსურვოთ მშვიდობიანი მოღვაწეობა, მაგრამ ვფიქრობთ, სახელმწიფოს პასუხისმგებლობის ამ დონეზე აყვანა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, იუწყება მთავრობის ვებგვერდი.
პრემიერმა გაიხსენა მაშველი ზურაბ მუზაშვილი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად გასულ წელს, 13 ივნისის წყალდიდობისას, რვა ადამიანი გადაარჩინა.