ის ერთდროულადაა ჟურნალისტი, ექსტრასენსი და მწერალი. ხუთი კონტინენტის ბევრ ქვეყანაში უცხოვრია, მაგრამ მწვავე ნოსტალგიის შეტევით შეწუხებული მაინც 90-იანი წლების არეულ საქართველოში დაბრუნდა. ბრაზილიის სახელმწიფოში მას ოფიციალურად „ექსტრაოდინერის“ მოქალაქის სტატუსი მინიჭეს. მერე ნანახისა და თავს გადამხდარი დაუჯერებელი ამბები გამო მწერლობა დაიწყო. ეს საქმეც იმდენად წარმატებულად გამოუვიდა, რომ არგენტინაში ერთი მოთხრობით გახდა პოპულარული.
ერთხელაც მილიარდელმა და ამერიკის ახლანდელმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა იგი საახალწლო მეჯლისზე გარკვეული მისიით მიიწვია და საკუთარი ვეტმფრენიც აახლა…
— ბატონო თამაზ, 90-იან წლებში ფაქტი იმის შესახებ, რომ ცნობილმა ჟურნალისტმა ექსტრასენსობა დაიწყო, ლამის,,თოფ ნიუსი“ იყო, როგორ მოხდა ეს ამბავი?
— ეს უნარი ბავშობიდან მაქვს. მეგონა, რომ ის ყველას ჰქონდა და ყურადღებას არც ვაქცევდი. შეიძლება ითქვას, რომ ხუთივე კონტინენტზე ათობით ათას ადამიანს ვუმკურნალე — ბევრი მოვარჩინე, ბევრიც ვერა. ვინც მოვარჩინე, ისინი, ალბათ, ჩემზე ლოცულობენ, ვინც ვერა, ისინი, ალბათ, შარლატანი და აფერისტიაო, ამბობდნენ.
მოხდა ისე, რომ მოსკოვში რადიოტექნიკის ინსტიტუტში მოვხვდი, სადაც პარანორმალურ მოვლენებს სწავლობდნენ. ხელმძღვანელი აკადემიკოსი იური კობზარევი იყო, რომელიც მსოფლიოში რადიოლოკაციის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. მერე „პერესტროიკა“ დაიწყო და ეს ინსტიტუტი დაიხურა. კობზარევმა რუსეთის სამეცნიერო და შემოქმედებითი ელიტა გამაცნო და ხალხის მკურნალობაც იქ დავიწყე.
მე ვიყავი პირველი ექსტრასენსი, რომელიც 1987 წელს ცენტრალური ტელევიზიის პროგრამაში „ვზგლიადი“ გამომიყვანეს და მთელმა ევროპამ მიყურა. ეს იური კობზარევის რეკომენდაციით მოხდა. ამის შემდეგ თბილისში ნამდვილი ბუმი ატყდა…
მიუხედავად ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობისა, როგორც ექსტრასენსს, პაციენტები არ მაკლდა და ფორსმაჟორის დროს კი არ დავიბენი, უფრო მობილიზებული გავხდი. შეიარაღებული ბანდების შიშით ხალხი ექიმთან ვეღარ მიდიოდა, მე კი სამკურნალო სეანსების ჩატარება საქართველოს ქალაქებში დავიწყე.
— მარტო საქართველოსა და რუსეთში კი არა, ბრაზილიის ცენტრალურ ტელევიზიაში გამოსვლის შემდეგ მთელმა სამხრეთ ამერიკამ გაგიცნოთ. როგორი იყო იქაური პოპულარობის ფასი?
— ბრაზილიაში ვცხოვრობდი ადგილობრივი მილიონრის, „ქრისტიან ქველმოქმედთა ასოციაციის“ პრეზიდენტის, მარია ტეიშეირას აპარტამენტებში, რომელიც სან პაულოს პრესტიჟულ უბანში მდებარეობდა. რა თქმა უნდა, მკურნალობაში გასამრჯელოს ვიღებდი, მაგრამ ეს ორგანიზაცია საქველმოქმედო იყო და მეც ბევრ ქველმოქმედებას ვეწეოდი.
— ბატონო თამაზ, ყველა კონტინენტზე და ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი, სად უფრო ვერ იცხოვრებდით და რატომ?
— 1990 წელს ამერიკიდან რომ დავბრუნდი, ყველას გაუკვირდა. მაშინ საჯაროდ განვაცხადე: ჯერ ერთი, ნოსტალგიის მძიმე ფორმა მჭირს და მეორეც, ჩვენ „ბანძ“ ქართველებს გვაქვს ის, რაც ყველაზე რაფინირებულ ამერიკელსაც კი არა აქვს-მეთქი. იქ რომ მშვიდად იცხოვრო, მენტალურად უნდა გარდაიქმნა და გახდე ამერიკელი ბრაზილიელი, გერმანელი, ჰოლანდიელი და ა.შ. თუ ამას ვერ მოახერხებ, უბედური ადამიანი იქნები და ნოსტალგია გამოგხრავს. თუ არ გჯერათ, ნახეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილის ფოტო ემიგრაციამდე და მერე ემიგრაციაში გადაღებული. პირველში ქაქუცა არწივია — ანთებული თვალებით, გმირია! ემიგრაციაში გადაღებულ ფოტოზე კი ქაქუცა ევროპულად გამოწყობილი, გამხდარი, საცოდავი და უღიმღამოა, ჩამქარალი თვალებით…
— მოგზაურობის მერე მოთხრობების წერა დაიწყეთ და საკმაოდ წარმატებითაც. თქვენმა ერთმა მოთხრობამ არგენტინაში კონკურსზე გაიმარჯვა. დღეს რას წერს მწერალი თამაზ ჭეიშვილი?
— რა ვიცი, სულ ვწერ. ნოდარ დუმბაძე სულ ჩამჩიჩინებდა: „წეერე, ჭეიშვილი, წეერე!“ და იმის მერე ვწერ. ორი წიგნის ელექტრონული ვერსია მზად მაქვს, აქ იუმორიც არის და „სატირალიც“, მაგრამ ვერ გამოვეცი. სპონსორები მეუბნებიან, წიგნის ბიზნესში ფულის ჩადება წამგებიანიაო. არადა, პირველად რომ გამოვეცი „ნიანგის ბიბლიოთეკის“ სერიით ჩემი წიგნი „ბედის ირონია“, იმდენი ჰონორარი გამომიწერეს, რომ კაფე „მეტროს“ მაშინდელ ბარმენ ჯუნა დავითაშვილს ნახევარი წლის ვალი გავუსტუმრე და დრაფტის პალტოც შევიკერე. მეორე წიგნით „ქუჩის ბიჭები“ (ნოველების კრებული), არჩილ სულაკაურმა რომ გამომიცა, ისევ კაფე „მეტროს“ ნახევარი წლის ვალი გავისტუმრე და კიდევ ნახმარი ჟიგული „ნოლტრი“ ვიყიდე „ნოლშესტის“ ძრავით. ფანტასტიკური ჟანრის რომანი „სირიუსი —იდუმალი სტუმარი“, რომ გამოვეცი, აი მაშინ უკვე მაღაზიიდან ცინცხალი ჟიგული გამოვიყვანე. დღეს რომ გამოვცე წიგნი, მანქანა და სახლი უნდა გაყიდო…
— თქვენი სათავგადასავლო ოდისეიდან ყველაზე დაუჯერებელ ამბავს ხომ ვერ გაიხსენებთ?
— ყველაზე საინტერესო და, ალბათ, დაუჯერებელიცაა ჩემი და დონალდ ტრამპის ამბავი, რომელზე მოთხრობაც დავწერე. ეს ამბავი1990 წლის დეკემბერში მოხდა. ნიუ —იორკში, ლონგ აილენდზე, ოჯახისა და სანათესაოს სამკურნალოდ ერთმა მდიდარმა ქართველმა ებრაელმა მიმიწვია. ნიუ-იორკი ხომ „პატარა“ მეგაპოლისია და ჩემი სასწაულების ამბები, ეტყობა, მთელ ქალაქს მოედო. ებრაელები დეკემბერში ხანუკას აღნიშნავენ. მერე არც შობის დღესასწაულს ივიწყებენ. ჩემმა ებრაელმა მასპინძელმა ნამდვილი, ჩვენებური ახალი წლის შეხვედრა მომიწყო. ის იყო, ერთმანეთს მივულოცეთ 1991 წლის დადგომა, ტელეფონზე ვიღაცამ დარეკა და მასპინძელს ამცნო, დონალდ ტრამპის დავალებით ვრეკავო.
მოკლედ, მოხდა საოცრება და იმ ღამეს მე ტრამპის ვეტმფრენით „მომიტაცეს“. მოულოდნელად აღმოვჩნდი საახალწლო მეჯლისზე დარბაზში, სადაც ყველაფერი, როიალიც კი, ბროლისა იყო. მიწვეული იყვნენ მილიონერები და თუ არ ვცდები, ორი სენატორიც. მიმიყვანეს ერთ, 20 წლის ებრაელ გოგონასთან, რომელიც წელში ვერ იმართებოდა. მეც, ცოტა არ იყოს, უდარდელი მოძრაობით მივუჯექი პაციენტს, ორივე ხელისგული წელზე დავადე დავკითხე: „გინდათ ფოკუსი?— ახლავე. გრძნობთ ჩემი ხელების სიმხურვალეს? ახლა ორმოცდაათამდე დავითვლი, ღრმად ამოისუნთქავთ და ადგებით!“ გოგონა ორივე ხელს დაეყრდნო და წამოდგა. მერე ორი გაუბედავი ნაბიჯი გადადგა და დარბაზი აპლოდისმენტებისგან „აწკრიალდა“.
მოკლედ, იმ საღამოს ყველა ჩემთან ერთად ცდილობდა „შამპანის“ დალევას. კარგად დავთვერი. კარამდე თავად დონალდ ტრამპმა მიმაცილა და მითხრა, ჯადოქარი ყოფილხართ, რამდენია თქვენი ჰონორარი ამ საოცრებისთვისო, მკითხა და სმოკინგის გულის ჯიბიდან ჩეკების სქელი დასტა ამოიღო. თქვენ წარმოიდგინეთ, უარი ვუთხარი და ტრამპს ქართულად დავაფიცე ძმობა, მერე გადავკოცნე და დავემშვიდობე…
— ისეთი ენერგიული ხართ, როგორც ჩანს, A S A K I (ასაკი), რომელიც თქვენი განსაზღვრით „იაპონური დაავადებაა“, თქვენ არ გემუქრებათ.
— აბა რა გითხრათ? იაპონურ დაავადებას, ანუ ASAK-ს ვერავინ დააღწევს თავს. იცით, პირველად რომ მომმართა 40 წლის ქალმა, თამაზ ბიძიაო, უკან მივიხედე, ვის ეუბნება-მეთქი, იმიტომ რომ ადამიანი შინაგანად, სულიერად არ ბერდება. ერთი ახალგაზრდა პოეტის ლექსში წავიკითხე, სიბერე დათოვლილი ხიბლიაო და მე ლექსით ასე ვუპასუხე:
„მე დავცქერი ჩემ ჭაღარას, ბაგეებთან ნაოჭებს,
თავი ისევ ყრმა მგონია და ეს ფაქტი მაოცებს,
სიბერემდე სიქაჩლე და ფინიშამდე პადაგრა,
„აქეთ“ ჩემი საძმო არის, საძმო არის „გადაღმა“,
ვერ გავუგე ამ ჩემს ASAK-ს და ამ დროის მარწუხებს,
ხანუუუმ! რა დროს სექსი არის, პროსტატიტი მაწუხებს!“
ეს ხუმრობით. სერიოზულად კი გერეონტოლოგების მტკიცებით, ადამიანს, თურმე, სიცოცხლე საკუთარი ცნობიერებით შეუძლია გაიხანგრძლივოს, თუ, მაგალითად, დალევს დღეში 50 გრამ ნატურალურ ღვინოს, სიგარეტს არ მოწევს და არავისი შეშურდება. იმიტომ რომ შური არის უარყოფითი ენერგია, რომელიც ადამიანს შინაგანად ანგრევს და აპობს!