თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. 14 წლის ქართველი მოზარდი მეცნიერებს ელემენტარული ნაწილაკების ფსიქოლოგიის ლაბორატორიის შექმნას სთავაზობს. ლაბორატორია, რომლის ანალოგიც, ლუკა ირემაშვილის თქმით, მსოფლიოში არ არსებობს, ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობის პროექტის ფარგლებში უნდა შეიქმნას.
„მეცნიერებს მსურს შევთავაზო ახალ ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში ისეთი ლაბორატორიის შექმნა, როგორიც ჩვენ პლანეტაზე არსად არ არსებობს, და სადაც შესაძლებელი იქნება ჩემი აღმოჩენილი ელექტრონების შესწავლაც“, — განაცხადა ლუკა ირემაშვილმა.
როგორც ლუკამ გვიამბო, ის 10 წლის ასაკში უკვე ერკვეოდა ელექტრონის ძირითად მახასიათებლებში, ხოლო 11 წლის ასაკში შეამჩნია, რომ ზოგიერთი ელექტრონი ატომის ჩამოყალიბების პროცესში მრავალჯერ იცვლიდა და აღიდგენდა კვანტურ რიცხვებს. სწორედ მაშინ დაებადა ლუკას იდეა, შეესწავლა 14 მილიარდი წლის წინ დიდი აფეთქების შედეგად წარმოქმნილი d-ელემენტების ატომების ჩამოყალიბების საიდუმლო.
„პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ როდესაც d-ქვედონის ნაწილობრივ ან მთლიანად შევსებას ერთი ელექტრონი აკლია, ის არამდგრადი ხდება. d-ქვედონის ეს არამდგრადობა გადაეცემა ატომს, რომელიც ამის შედეგად ვერ ყალიბდება. შემდეგ ჩემი კვლევის საგანი გახდა, თუ რომელი ელექტრონები ანიჭებენ ამ d-ქვედონეებს მდგრადობას, რადგან ბუნებაში ეს d ელემენტები მდგრად მდგომარეობაში არსებობენ. ასე აღმოვაჩინე 4s, 5s, 6s და 7s-ორბიტალებზე მბრუნავი მეორე ელექტრონები, რომლებსაც შემდგომ ვუწოდე „ლუკას ელექტრონები“, — ამბობს 14 წლის მოზარდი, რომელსაც კვანტურ მექანიკაში, ფილოსოფიასა და პალეონტოლოგიაში 7 სამეცნიერო ნაშრომი აქვს მომზადებული. ყველა მათგანი „საქპატენტშია“ დარეგისტრირებული და ავტორის სახელზე დეპონირების მოწმობაც არის გაცემული.
ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტი და ტექნოლოგიური განვითარების თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი საქართველოში ქვეყნის მთავრობისა და მსოფლიოს წამყვანი სამეცნიერო ცენტრების მხარდაჭერით აშენდება.
საქართველოს მთავრობა და საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, რომლის დამფუძნებელიც ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილია, ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს განახორციელებენ, რომლის საერთო ღირებულება 500 მლნ ევროა.
საქართველოს მთავრობამ, მსოფლიოს წამყვანმა სამეცნიერო ცენტრებმა CERN-მა (ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაცია), INFN-მა (ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და CNAO-მ (ონკოლოგიური ადრონთერაპიის ეროვნული ცენტრი), ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობით, ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოში ახალი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენების განზრახვის თაობაზე.