ჩუტყვავილამ ქართველ სამხედროებს წვრთნებში მონაწილეობაში ხელი შეუშალა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართველი სამხედრო მოსამსახურეები
ქართველი სამხედრო მოსამსახურეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წვრთნებში გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე ასეულში ჩუტყვავილით დაავადების ორი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსი სამხედროებს თავისი ბავშვებისგან გადაედოთ.

თბილისი, 10 ივნისი – Sputnik. საქართველოს შეიარაღებული ძალების მე–12 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მესამე მსუბუქი ქვეითი ასეული პოლონეთში ნატოს სამხედრო წვრთნებში „ანაკონდა–2016“ არ მონაწილეობს, რადგან ორი სამხედრო მოსამსახურე ჩუტყვავილით დაავადდა, განაცხადეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრეს–სამსახურში. 

ასეულის ნაცვლად სტუმრის სახით წვრთნებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაური ვახტანგ კაპანაძე ეწვევა, ხოლო დამკვირვებლების სახით – დასავლეთის სარდლობის მეთაური შალვა ჯაბახიძე და აღმოსავლეთ სარდლობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მათიაშვილი. ისინი პოლონეთში 17 ივნისს გაემგზავრებიან.

„დაავადების გამოვლენასთან დაკავშირებით საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში კონსილიუმი გაიმართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ასეულმა მიმდინარე წელს დაგეგმილ საერთაშორისო წვრთნებში „ანაკონდა–2016“ მონაწილეობა არ მიიღოს, რათა თავიდან იყოს აცილებული წვრთნაში მონაწილე სამხედროებში ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა“, – ნათქვამია უწყების პრეს–სამსახურის განცხადებაში.

წვრთნებში, რომელიც 7 ივნისს დაიწყო და 17 ივნისამდე გაგრძელდება, ჩართულია 31 ათასი სამხედრო მოსამსახურე ნატოს 18 ქვეყნიდან და პროგრამის „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ (Partnership for Peace) მონაწილე 5 ქვეყნიდან, 3 ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, მათ შორის ტანკები და ჯავშანტრანსპორტიორები, 105 თვითმფრინავი და ვერტმფრენი და 12 გემი. ამოცანები ჰაერში, ხმელეთსა და ზღვაში პოლონეთის რამდენიმე პოლიგონზე ერთდროულად შესრულდება.

ყველა ახალი ამბავი
0