თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი შეემატა – ხალებიან ირემს ნუკრი შეეძინა.
რამდენიმე დღის წინ დაბადებული ნუკრის ფოტო ზოოპარკის ადმინისტრაციამ ახლაღა გამოაქვეყნა. ახალ ამბავს აქამდე იმის გამო არ ამჟღავნებდნენ, რომ, როგორც წესი, ცხოველებისთვის სიცოცხლის პირველი დღეები კრიტიკულია და ადმინისტრაცია უნდა დარწმუნდეს, რომ პატარა ჯანმრთელია და მის სიცოცხლეს არაფერი ემუქრება.
„აგერ, გაიცანით ჩვენი შემონახული სიურპრიზი — ხალებიანი ირმის ნუკრი. გოგოა. ძალიან მორცხვი და მშიშარა. ირმის ნაშიერები, ძირითადად, სულ სათნოები და ნაზები არიან, მაგრამ ეს განსაკუთრებით კოპწია, ფარატინა და ლამაზია. მთელი დღე დედას დაჰყვება ფეხდაფეხ. რომ იღლება, იქვე, თივაში წვება, ამოიკეცავს წვრილ ფეხუცებს და იქიდან აბრჭყვიალებს წყლიან თვალებს“, — ასე აცნობს ზოოპარკი მნახველებს ახალ ბინადარს.
ნუკრს ჯერ სახელი არ აქვს. ადმინისტრაცია ზოოპარკის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე სახელების საკუთარი ვერსიების გამოქვეყნებას გთავაზობთ.