თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. პოპულარულმა ამერიკულმა პოპ–როკ–ჯგუფმა Maroon 5 ბათუმში გამართულ კონცერტზე ქართულ ანსამბლ „ერისიონთან“ ერთად ერთი კომპოზიცია შეასრულა.
ქართული მრავალხმიანობის ფონზე მომღერლებმა საკუთარი სიმღერა Payphone ა-კაპელა შეასრულეს და მრავალრიცხოვანი მსმენელის აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
კონცერტამდე ერთი დღით ადრე როკ-ჯგუფმა ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში „ერისიონის“ მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერას მოუსმინა.
ვიდეოჩანაწერი მუსიკოსებმა ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნეს და ასეთი წარწერა გაუკეთეს: This was awesome („ეს გამაოგნებელი იყო“). აღნიშნულ ვიდეოს ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ბათუმში Maroon 5-ის კონცერტი სამთავრობო პროექტის Check in Georgia–ს ფარგლებში ჩატარდა, რომლის მიზანიც საქართველოს პოპულარიზაცია და მსოფლიოში საერთაშორისო იმიჯის ამაღლებაა.
აღნიშნულ კონცერტზე 33 500-ზე მეტი ბილეთი გაიყიდა. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, კონცერტმა წარმატებით ჩაიარა და საქართველომ შეძლო იმის დამტკიცება, რომ მსოფლიო მასშტაბის შოუს გამართვა შეუძლია.
პროექტი Check in Georgia აპრილის თვიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაგრძელდება. პროექტი მოიცავს ქართველი და უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით ქვეყნის 19 ქალაქში დაგეგმილ კონცერტებს, 35 ფესტივალს, გამოფენებს და სხვა.