თბილისი, 8 ივნისი — Sputnik. თბილისში, ილია ჭავჭავაძის პროსპექტზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალს წუხელ ღამით ორი დაუდგენელი პირი დაესხა თავს.
ინციდენტისას არავინ დაშავებულა. თავდამსხმელებმა ვერაფრის წაღება ვერ მოახერხეს. ბანკში არ აზუსტებენ, რით იყვნენ შეიარაღებული ბოროტგანმზრახველები. დაკავების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი გრუზიას“ შსს–ს პრეს-სამსახურში აცნობეს, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ყაჩაღობის მუხლით, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მიმდინარე წელს ეს „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე შემთხვევაა. აპრილში ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელიც დაცვამ განაიარაღა და პოლიცია გამოიძახა.