ყველა მშობელს სჯერა, რომ ყოველთვის იმას აკეთებს, რაც მისი შვილისთვის კარგია. ბევრი ჩვენგანი ცდილობს, საკუთარ ჭკუაზე ატაროს შვილი და იმის კეთება აიძულოს, რაც „მომავალში გამოადგება და მადლობასაც ეტყვის“. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც სრულ თავისუფლებას ანიჭებენ შვილებს და მერე…
წერილი, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, დედის დაწერილია — სრულიად რეალური პიროვნებისა, და ერთი სიტყვაც არ არის გამოგონილ–შეთხზული.
„ძვირფასო, მე და მამაშენმა, როგორ კი ენა ამოიდგი, მაშინვე შევნიშნეთ შენში ეს. თუმცა არა, ეს კიდევ უფრო ადრე მოხდა: შენ პირველი ნაბიჯი გადადგი და ჩვენ მყის გავიაზრეთ, რომ უამრავ საზრუნავს გაგვიჩენდი ცხოვრებაში. სულ ერთი ციდა იყავი, მაგრამ უკვე ყველაფერს შენ ჭკუაზე აკეთებდი.
წამოიზარდე და რაღაც გიჟური სქემების შემუშავება დაიწყე, რათა ან მსოფლიო შეგეცვალა და ან მილიონერი გამხდარიყავი… ან სულაც, ერთიცა და მეორეც რომ გამოგსვლოდა.
მე და მამაშენმა რამდენჯერმე კი გითხარით, მაგ საქმიდან არაფერი გამოვა–თქო, მაგრამ მაინც არ შეგვიშლია ხელი, მოქმედების თავისუფლება მოგეცით, რათა საკუთარ შეცდომებზე გესწავლა. ჰოდა, შენც ხან საშობაო ნაძვის ხეებს ზრდიდი და ხანაც თუთიყუშების მოშენებით იყავი გართული. მოკლედ, ათასი უცნაური და გიჟური წამოწყებით იყავი დაკავებული, სანამ იზრდებოდი.
უნდა ვთქვა: ყველა ეს წამოწყება ისეთი კატასტროფით დამთავრდა, რომ მე და მამაშენს დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა შენი დაყრილი „ნაგვის გასატანად“. თუმცა, მაინც არ წავსულვართ შენს წინააღმდეგ, იმედი გვქონდა, რომ, როცა იქნებოდა, რაღაც დასკვნას გამოიტანდი ამ ხელმოცარვებიდან, რაც სამომავლო გაკვეთილად გექცეოდა და ცხოვრებაშიც გამოგადგებოდა…
მერე… მე და მამაშენს არაერთხელ გვიფიქრია, ნეტავ, როგორი გაიზრდებოდა, ცოტა მეტად რომ გვეკონტროლებინა, ანუ, „უკეთესი მშობლები“ რომ ვყოფილიყავით–თქო. რა მოხდებოდა, ცოტა მეტად რომ გავჯიუტებულიყავით და რაღაც სისულელეების კეთების საშუალება არ მოგვეცა შენთვის? რა მოხდებოდა, რომ 16 წლის ბიჭისთვის სკოლის მიტოვების უფლება არ მოგვეცა და სწავლა დაგვეძალებინა?..
შენმა სკოლის დირექტორმა მაშინ ისიც კი გვითხრა, ეს ბიჭი 21 წლისთვის ან ციხეში იჯდება და ან მილიონები ექნება ნაშოვნიო. არადა, ამისა ჩვენც გვეშინოდა…
ის რომ გვცოდნოდა, რა შედეგი მოჰყვებოდა პატარა ბიჭის სიჯიუტეს, ყველაფრის თავის ჭკუაზე გაკეთების სურვილს, ალბათ, ამდენი უძილო ღამის გათევაც არ მოგვიწევდა…
სიყვარულით, დედა“.
ეს წერილი ეკუთვნის ქალს, რომლის ერთგვარად უცნაურმა დამოკიდებულებამ ცნობისმოყვარე და ჩხირკედელა ბავშვის აღზრდისადმი განაპირობა კიდეც ის, რომ მისი ათასი სიგიჟის წამომწყებ-ჩამფლავებელი შვილი პაწაწა მუსიკალური მაღაზიის მფლობელიდან პლანეტის ერთ–ერთ უმდიდრეს ადამიანად იქცა.
საუბარია რიჩარდ ბრენსონზე, რომელიც გიგანტურ მრავალპროფილურ ბიზნესს განაგებს, მილიარდების მფლობელია და დღემდე ყველასგან გამოირჩევა კრეატიული აზროვნებით.
ხომ ღიზიანდებით, როცა სადმე რეკავთ და ყურმილში გესმით ფრაზა: „თქვენი ზარი ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, მაგრამ ახლა ყველა ოპერატორი დაკავებულია?“ რიჩარდ ბრენსონის კუთვნილ ავიაკომპანიაში, „Virgin Atlantic“ თუ დარეკავთ, იცით, რას მოისმენთ?
„გამარჯობა, მე ამ ავიაკომპანიის მფლობელი რიჩარდ ბრენსონი ვარ. ახლა ყველა ოპერატორი დაკავებულია, რაც ცუდია. მოდით, ასე მოვიქცეთ: თუ 18 წამის შემდეგ არავინ გიპასუხათ, 450 გირვანქა სტერლინგ შეღავათს მოგცემთ. ვიწყებ უკუთვლას: 18, 17, 16…“
და კლიენტი უბრალოდ ოცნებობს, რომ ოპერატორმა პასუხი დააგვიანოს.