გავიზარდე, მაინც ვტირი... მენატრება „დეტსკი მირი“...

"დეტსკი მირ" ლუბიანკაზე
დეტსკი მირ ლუბიანკაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს, ამ ორშაბათ დილას, სამუშაო კვირის დასაწყისში ჩვენ აივანზე ამოსასვლელად რიგში დადგომა როგორ გაკადროთ…  არა და, რიგის გარეშე არაფერი არ გამოვა… მოდით, ასე მოვიქცეთ, პროტექციითა და ნაცნობობით, მხოლოდ თქვენთვის დავუშვებ გამონაკლისს… შეგიძლიათ ხელის გულზე ჩუმად, არავინ რომ არ დაინახოს, დაიწეროთ პასტით ნომერი, მაინც და მაინც დიდი ციფრი არ გინდათ, მაგრამ პირველ სამსაც ნუ მიეძალებით… ჰო და, თუ ვინმე რამეს გკითხავთ, ასე უთხარით, აქ რიგი გუშინ ღამით დავიკავეთ–თქო და ნომერიც აჩვენეთ…

დღეს კი მინდა მოგიწვიოთ ჩვენი ბავშვობის ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც, როგორც ყველა ზღაპარში, ვერავითარ ხეირს ვერ ნახავდი სირთულეების (დევების, ბოროტი მეფეების, ჯადოქრებისა და ჭინკების) დაძლევის გარეშე… ჩვენ შემთხვევაში კი მთავარ სირთულეს გველეშაპის კუდივით დაკლაკნილი რიგი წარმოადგენდა. ამ „კუდს“ მოსკოვის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე — ლუბიანკაზე მდებარე უზარმაზარ, განათებულ და გაცისკროვნებულ მაღაზია „ბავშვთა სამყაროს“ («Детский мир») დახლებამდე მივყავდით, რომელიც ზუსტად ამ დღეს, 1957 წლის 6 ივნისს გაიხსნა…

ეს იყო საბჭოთა კავშირში პირველი ასეთი სერიოზული და მასშტაბური ბავშვთა მაღაზია. თუ არ ვცდები, უკანასკნელიც… სხვათა შორის, „ბავშვთა სამყარო“ აღიარეს პირველ საბჭოთა მაღაზიად, რომელიც ევროპულ დონესა და სტანდარტებს პასუხობდა. ცნობილი არქიტექტორის ალექსეი დუშკინის (დააპროექტა მეტროპოლიტენის სადგურები „მაიაკოვსკაია“ და „კროპოტკინსკაია“) ნამუშევარს ამშვენებდა საოცარი სილამაზის თაღები, თეთრი მარმარილოს ფასადები, კოლონები, ალუმინის კონსტრუქციები და უნიკალური ვიტრაჟები. შვიდსართულიანი მაღაზია 58 ათას კვ. მეტრზე იყო განლაგებული… ეს იყო სსრკ-ში პირველი შენობა, რომელშიც დამონტაჟდა ესკალატორები. 

მართალი გითხრათ, „ბავშვთა სამყაროში“ რომ დავყავდი უფროსებს, სულ არ მაინტერესებდა, რისგან იყო დამზადებული ბალუსტრადები და მძიმე ლიფტები… შევიდოდი თუ არა ამხელა შენონაში, სიხარულისგან ვიბნეოდი… თითქოს ყველაფერი, რაზეც მიოცნებია, ერთად იყო თავმოყრილი, თვალი გამირბოდა და მინდოდა ყველაფერი… თანაც ერთდროულად.

დედიკო, როგორც წესი, პირველ რიგში ჩემთვის ფერად ფანქრებს ყიდულობდა, როგორებიც იმ დროს მხოლოდ „ბავშვთა სამყაროში“ იყიდებოდა. თბილისის მაღაზიებისგან განსხვავებით კოლოფები ბრტყელი კი არ იყო (6- ან 12-ფანქრიანი), არამედ უზარმაზარი და კვადრატული. მათში რამდენიმე რიგად ელაგა 96 (!) ცალი, უკვე ლამაზად გათლილი ფერადი ფანქარი… მერე ვყიდულობდით სახატავ ალბომებს 40 კაპიკად. ყდაზე, როგორც წესი, „ნუ პაგადითი“ ან „ბემბით“… მერე კი დედიკოს მივყავდი საბავშვო „ნაბორების“ განყოფილებაში, სადაც სულ მთლად და ბოლომდე ბედნიერად ვგრძნობდი თავს, რადგან ჩემთვის ყიდულობდნენ „აიბოლიტს“, სადაც მოთავსებული იყო სათამაშო ფონენდოსკოპი, თერმომეტრი, ბინტი, პატარა, წვრილ-წვრილი წამლები (ვიტამინები), რომლებსაც ყველა ბავშვი პირველ რიგში თვითონ მიირთმევდა და, რა თქმა უნდა, „ავადმყოფი“ თოჯინებისთვის აღარ რჩებოდა ხოლმე… ამის შემდეგ დედიკო ყიდულობდა ე.წ. „გადასაყვან სურათებს“ (Переводные картинки)… ალბათ გახსოვთ, ეს იყო თითქმის უფერო ქაღალდები, რომლებზეც არამკაფიოდ, ბურანში ჩანდა ლამაზი სურათები. სახლში მისვლისას უნდა ამოგეჭრა და ჩაგედო თბილ წყალში, შემდეგ ამოგეღო, მიგედო სუფთა ფურცელზე და ნელ-ნელა მოგეცილებინა ქაღალდის ზედა შრეები… საოცარი სიამოვნება იყო – შენ თვალწინ სურათი ფერებს იძენდა და მკაფიო ხდებოდა.

ყველა ზღაპარს დასასრული აქვს ხოლმე… ჩემი, როგორც წესი, ამ ადგილზე მთავრდებოდა. მე ვიცოდი ეს და არასდროს არაფერი იმაზე მეტი, რასაც ჩემთვის ყიდულობდნენ, არ მითხოვია. თანაც ისედაც კმაყოფილი ვიყავი…

მაღაზია "დეტსკი მირი" რეკონსტრუქციის შემდეგ
მაღაზია დეტსკი მირი რეკონსტრუქციის შემდეგ - Sputnik საქართველო
მაღაზია "დეტსკი მირი" რეკონსტრუქციის შემდეგ

ერთადერთხელ ბებიამ თბილისში ჩემი გამგზავრების წინ თავისი გადანახული ფულით რომ წამიყვანა „ბავშვთა სამყაროში“, ერთ არაჩვეულებრივ ხის საქანელა ცხენს დავადგი თვალი, და ბებიას შევეხვეწე, თან კისერზე თითის მიდებით – “ბებიკო, მიკიდე ლა ცენი“… ცხენი კიდევ ძალიან ძვირი — 50 მანეთი ღირდა და ბებიამ ვერ მიყიდა… მე კარგად გაზრდილი ბავშვი ვიყავი და ხმამაღლა არ მიტირია, მაგრამ ახლაც რომ ვიხსენებ ამ ისტორიას, სუნთქვა მეკვრება… არა, ცხენის გამო კი არა, უბრალოდ, ცოტა რომ გავიზარდე, ბიძია მომიყვა — როდესაც თბილისში წამოვსულვარ, ბებია მთელი ღამე ტიროდა თურმე იმის გამო, რომ ის ცხენი ვერ მიყიდა… 

ჩემი შვილი და, მითუმეტეს, შვილიშვილი ჩემსავით მორიდებულნი არ ყოფილან… მე კი სულ ის ცხენი მედგა თვალწინ და უარი თითქმის არასდროს არაფერზე მითქვამს… არც ვნანობ, რადგან საოცრად მკაფიოდ მახსოვს საკუთარა პატარა გულის „დიდი“ ტკივილები, სულ უმნიშვნელო რამეებზე…

გუშინ ანდრიასთვის მორიგი სიურპრიზის გაკეთება მინდოდა, დავინახე კალეიოდოსკოპი… ხომ გახსოვთ, მილი რომ იყო, შიგნით ფერადი შუშებით და სარკეებით, რომ დაარტიალებდი და ჩაიხედავდი, ისეთი ლამაზი იყო!.. გამიხარდა და ვუყიდე… 

კიდევ კარგი, სანამ ვაჩუქებდი, ჩავიხედე… შავ-თეთრი კალეიდოსკოპი თუ გინახავთ?!.

სავარაუდოდ, არა, რასაც გულით გილოცავთ…

რამდენად უფანტაზიო და ეკონომიაზე გადასული მწარმოებელი უნდა იყო, ბავშვისთვის განკუთვნილ კალეიდოსკოპში უბრალო დამსხვრეული, ოღონდ ფერადი შუშების მაგივრად, სავარაუდოდ, იმავე წარმოებაში შემთხვევით გატეხილი ჭიქის ნამსხვრევები რომ ჩაყარო?!.

ხომ იცით, ყველას გამართლება მიყვარს და ახლაც ასეთი აზრი მომივიდა – იქნებ კალეიდოსკოპში შუშების ჩამწყობი ფერებს ვერ არჩევს და დალტონიკია?

მაგრამ ჩვენ, ვინც ვარჩევთ, რა დავაშავეთ?

ამიტომაც, გისურვებთ წარმატებულ, ლამაზ და ფერად დღეს!

ლელა ანჯაფარიძე

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0