რა ელის დედამიწას ადამიანების გარეშე?

© NASA via APდედამიწა კოსმოსიდან
დედამიწა კოსმოსიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა

მას შემდეგ რაც ადამიანი გააცნობიერებს, რომ მოკვდავია, ბუნებრივად ებადება ზოგადად სიკვდილ-სიცოცხლის ფენომენის ინტერესი. ამ საკითხზე, რა თქმა უნდა მეც მიფიქრია და ბევრიც წამიკითხავს, გნებავთ ფილოსოფოსების, უფოლოგების და გნებავთ მეცნიერებას ამოფარებული ჩვეულებრივი  „შარლატანების“ მოსაზრებები. ვერ ვიტყვი, რომ რამე საღ აზრამდე მივედი და ამიტომაც კარგა ხნის წინ დავმორჩილდი ძველ რუსულ სიბრძნეს-Чему быть, того не миновать და მშვიდად ვაგრძელებ ცხოვრებას. თუმცა, არ მტოვებს ფიქრი ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ფენომენზე, რომლის ახსნასაც ჩემი ცოდნის რესურსი აშკარად არ ეყო.

ადამიანი და ბუნება თითქოს ერთი მთელის ორი ნაწილია, სადაც ერთი — ადამიანი, მაქსიმალურად მოიხმარს მეორეს — ბუნებას, სამაგიეროდ კი არაფერს აძლევს.

როდესაც ვხედავთ უმოწყალოდ გაჩეხილ ტყეებს, გამოფიტულ ნიადაგს, ნაგვით დაბინძურებულ უზარმაზარ ტერიტორიებს, გვეჩვენება, რომ სამყაროს აუნაზღაურებელი ზიანი მივაყენეთ. ჩვენ, დღემდე დამოკიდებული ვართ ბუნებრივ რესურსებზე: —წყალი, ნიადაგი, ტყე, სასარგებლო წიაღისეული და თუ ეს მარაგი შემცირდა(რისი ტენდენციაც უკვე შეიმჩნევა) სერიოზული საფრთხე გვემუქრება. თუმცა ბუნება არც ისე დაუცველია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განახლების, ევოლუციის  უნარი გახლავთ იარაღი, რომლითაც ადამიანთა მოდგმას და ყველანაირ კატაკლიზმებს ებრძვის. ამის თვალსაჩინო მაგალითი გახლავთ უკრაინის ქალაქი პრიპიატი, რომელიც 1986 წლის აპრილში ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის შემდეგ სრულად დაიცალა ადამიანებისგან.  და რა ხდება დღეს, 30 წლის მერე? წარმოიდგინეთ,რომ ეკოლოგიის თვალსაზრისით იქაურობა უკვე გამოჯანსაღებულია: პირველ წლებში საგრძნობლად იმატა ვირთხებისა და სხვა მღრღნელების რაოდენობამ, თუმცა ახლა ყველაფერი ნორმის ფარგლებშია. ასე, რომ თვითგანკურნების პროგრამას სულ რაღაც 25-30 წელი დასჭირდა, სამყაროსთვის კი ეს თვალის ერთი დახამხამებაა. ორიოდ დღის წინ, წავაწყდი ერთ საინტერესო მოსაზრებას YouTube-ს  არხ Mind Warehouse-ზე, რომელიც საკმაოდ საფუძვლიანად გახლდათ დამუშავებული და ბევრისთვის საინტერესოც შეიძლება იყოს.

 ნაშრომი საკმაოდ მოზრდილია, ამიტომ გთავაზობთ მოკლე შინაარსს იმისა თუ რა შეიძლება დაემართოს დედამიწას, თუ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანები უბრალოდ… გაქრებიან. აქ, გარეგანი ფაქტორები, მაგალითად, გიგანტური ასტეროიდი, რომელიც ჩვენს პლანეტას შუაზე გააპობს არ იგულისხმება. ვნახოთ დროის გარკვეულ მონაკვეთებში რა პროცესები შეიძლება განვითარდეს:

— რამდენიმე საათში სინათლის უდიდესი ნაწილი ჩაქრება, რადგან ელექტროსადგურები გამართულად ვერ იმუშავებენ, თუმცა, ჰიდროელექტროსადგურები ჯერაც გააგრძელებენ ფუნქციონირებას.

— ათი დღის შემდეგ დაიღუპება  შინაური ცხოველების დიდი უმეტესობა. ძაღლები და მგლები ხროვებად გაერთიანდებიან და გაანადგურებენ საბრალო პირუტყვებს.

— ერთი თვის შემდეგ  წყალი, რომელიც ატომური სადგურების რეაქტორებს აგრილებდა აორთქლდება და დედამიწას ჩერნობილისა და ფუკუსიმას მსგავსი კატასტროფების კასკადი მოიცავს.ქალაქებში ერთდროულად იფეთქებს ხანძარი, ხოლო მწყობრიდან გამოსული წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები დატბორავს მათ დიდ ნაწილს.

— ერთი წლის შემდეგ ჩამოვარდება დედამიწის ყველა თანამგზავრი.დაიწყება მსხვილი გარეული ცხოველების ქალაქებში დასახლება. თავად ქალაქები ნელ-ნელა ჯუნგლებს დაემსგავსება, ხოლო ზღვის დონეზე დაბლა მდებარე დასახლებული ადგილები, დამბებისა და კაშხალების წყობიდან გამოსვლის გამო, მთლიანად წყლით დაიფარება.

— 25 წლის შემდეგ ქალაქების ერთ ნაწილს მილიარდობით ტონა ქვიშა დაფარავს, ხოლო მეორე ნაწილს სხვადასხვა მცენარეები შთანთქავენ.

— 50 წლის შემდეგ დაიწყება ზღვისპირა ქალაქების დატბორვა, დედამიწაზე არსებული შხამიანი და მომწამლავი ნივთიერებების საცავების დაზიანებები  ცოცხალი ბუნების  მასობრივ მოწამლვას გამოიწვევს. იწყება ყველაზე მასშტაბური და მყარი ნაგებობების განადგურება, როგორიცაა ბრუკლინის ხიდი ამერიკაში ან ბიგ-ბენი ლონდონში. ადამიანთა მოდგმის მიერ შექმნილი მატერიალური კულტურის ნიმუშებიდან თითქმის არაფერი რჩება.

— ადამის მოდგმის გადაშენებიდან 3000 წლის მერე კოროზია გაანადგურებს მეტალისგან აშნებულ ყველა გიგანტურ ნაგებობას.

— 10 000 წლის მერე ჩვენი არსებობის დამადასტურებლად მხოლოდ ის ნაგებობები დარჩება, რომლებიც ქვისგან აშენდა: პირამიდები, ჩინეთის დიდი კედელი, სფინქსის ქანდაკება და ა.შ. ანუ ის რაც (დიდი ალბათობით) ჩვენი ცივილიზაციის გარიჟრაჟზე შეიქმნა. 

— 100 000 წლის მერე ადამიანთა არსებობის არანაირი კვალი აღარ დარჩება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ, სადღაც კოსმოსში გაბნეულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომლებიც ჩვენი რადიო და ტელეგადაცემების შემდეგ უკიდეგანო სამყაროში ასე ისეირნებენ, სანამ სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლები არ მიაგნებენ და ჩვენი არსებობით არ დაინტერესდებიან. დედამიწასაც ალბათ ადვილად მოაგნებენ, შესაძლოა ხანგრძლივი გათხრების მერე აღმოაჩინონ კიდეც იგივე სფინქსის ქანდაკება  და სავარაუდოდ HOMO SAPIENS-ის მსგავსად გაკვირვებას ვერ დამალავენ ამ გაუგებარი ფიგურით.

ძალიან მრუმე სურათი გამოვიდა, მაგრამ დასამშვიდებლად შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ თეორიას, რომ არსებობის მანძილზე დედამიწამ რამდენიმე ცივილიზაცია „მოინელა“ და სავარაუდოდ, თუ საკმარისი დრო ექნა „გადატვირთვის“ ახალი ფაზის ჩართვასაც მოახერხებს.

P.S ჰო, მართლა, მთავარი დამავიწყდა: ბრიტანელი მეცნიერების გამოთვლით, 3 მილიონი წლის შემდეგ მაიმუნები გონიერი არსებები ხდებიან…

თენგიზ ჩოჩუა 


ყველა ახალი ამბავი
0