თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. ქართველმა კადეტმა, რიგითმა სანდრო გულუამ აშშ-ის საჰაერო ძალების აკადემია დაამთავრა. 812 კურსდამთავრებულის გამოსაშვები ცერემონიალი კოლორადოს შტატში, ქალაქ კოლორადო სფრინგსის საჰაერო ძალების სტადიონზე გაიმართა, ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიებას აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაესწრო. მან ახალგაზრდა სამხედრო მფრინავებს დიპლომები გადასცა და წარმატებული კარიერა უსურვა.
„როდესაც ინვესტიციას ვდებთ განათლებასა და შესაძლებლობების განვითარებაში მსოფლიოს მასშტაბით, კონფლიქტები და სამხედრო ინტერვენცია სულ უფრო ნაკლებად საჭირო ხდება“, — განაცხადა ბარაკ ობამამ კურსდამთავრებულებისადმი მიმართვისას.
დაჯილდოების ცერემონიალს საქართველოს სამხედრო ატაშე აშშ-ში, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი დაესწრო. რიგითი სანდრო გულუა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში 2012 წელს ჩაირიცხა. შესაბამისი კონკურსის გავლის შემდეგ, იმავე წელს, აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. სანდრო გულუა საქართველოში 18 ივნისს დაბრუნდება და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული მოვალეობის შესრულებას შეუდგება.