თბილისი, 4 ივნისი — Sputnik. სამცხე-ჯავახეთში უძველესი მესხური ვაზის ჯიშების გაშენების ისტორიული პროცესის პირველი ეტაპი დასრულდა, ხიზაბავრის ტერიტორიაზე აღდგენილია უძველესი მესხური ტერასების 12 ჰექტარი, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
ვაზის პირველი ნერგები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მესხური ტერასების პროექტის დამფუძნებლებმა — მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, „ვარძიის ტერასების“ დირექტორმა გიორგი ნათენაძემ და ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ ჩაყარეს.
"ძალიან ძნელია, აღწერო ის ემოცია, რომელიც ახლა მე გამაჩნია. ძალიან დიდი საქმე გაკეთდა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მივიწყებული, აღვადგინეთ", — განაცხადა პრემიერმა.
კვირიკაშვილის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 27 ისტორიული მესხური ჯიშის ვაზი გაშენდა.
გარდა ამისა, რეაბილიტირებულ ტერასებზე 17 იშვიათი ჯიშის მესხური ვაზი დაირგვება, რაც რეგიონში მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიულად მნიშვნელოვანი მიმართულების აღორძინებას შეუწყობს ხელს. მესხური ტერასები მთლიანობაში 23 ჰექტარ მიწის ფართობზე გავრცელდება, ხოლო ჯამური ინვესტიციის მოცულობა ნახევარ მილიონ ლარამდეა.