თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. სოფელ კორცხელში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) საარჩევნო უბანთან მომხდარ ჩხუბში მონაწილე ექვსი პირის მიმართ ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა, სასამართლოს წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".
7ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა მოუწევთ ნოშრევან გიგაურს, გიორგი გოგიძეს, კობა ტყეშელაშვილს, გიორგი გიგაურს და გრიგოლ ტყემალაძეს, 10 ათას ლარს კი ვლადიმირ გეგეშიძე გადაიხდის.
წინასწარ განზრახული ჯგუფური ხულიგნობის საქმეზე წინასწარი სასამართლო სხდომა 28 ივლისზეა ჩანიშნული.
ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების შუალედური არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტი როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა დაგმეს, ასევე სახელმწიფოს პირველმა პირებმაც. ხელისუფლებისა და ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შორის მომხდარ ჩხუბში ოპოზიციის ლიდერები დაშავდნენ. ჩხუბის ერთერთი მონაწილე შეიარაღებული ძალების რიგითი ლაშა დვალიშვილი აღმოჩნდა. ჯარიდან ის უკვე დაითხოვეს.