თბილისი, 3 ივნისი — Sputnik. ევროკავშირის ქვეყნებში მიგრაციის პრობლემამ ერთგვარი სკეფსისი დაბადა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაცის თაობაზე, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის 1 არხის ეთერში.
ევროკავშირის ქვეყნების დელეგაციამ გუშინ საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება გადაავადეს. ევროპელი დიპლომატები ამ საკითხს მომავალ კვირაში დაუბრუნდებიან.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპა დღეს განიცდის გარკვეულ, მნიშვნელოვან და მძიმე დატვირთვას მიგრაციის საკითხებიდან გამომდინარე, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთვლით, რომ საქართველოსთან ამის დაკავშირება და ვიზალიბერალიზაციის პროცესთან, არ არის რელევანტური… ჩვენ ვხედავთ, რომ ანტიდასავლური ძალები ევროპაშიც ცდილობენ პროპაგანდას და ცდილობენ, რომ პრობლემები შეიქმნას ყველა მიმართულებით და იმედია, რომ ამას საქართველოზე გავლენა არ ექნება“, — განაცხადა მინისტრმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ხომ არ უკავშირდება ევროკავშირის დელეგაციის მიერ ვიზალიბერალიზაციის გადავადება, საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არანაირ გავლენას არ ახდენს ევროპელების გადაწყვეტილებაზე.
„საქართველოს შიდაპოლიტიკური პროცესები ამ შემთხვევაში არანაირად არ არის დაკავშირებული ვიზალიბერალიზაციის განხილვასთან ევროკავშირში. საქართველოს ყველა მიმართულებით აქვს პროგრესი… საქართველო არის სამაგალითო დემოკრატიის განვითარების კუთხით“, — აღნიშნა ჯანელიძემ.
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ნაკისრი ვალდებულება შეასრულა. ამიტომ ქვეყნის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ევროკავშირი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლებიც ჩვენში ჩატარდა.