წელს საერთაშორისო ფრანგულ პროექტში "დამიხატე მშვიდობა" საქართველოც ჩაერთო. ამ პროექტისთვის პარიზში ქართველი ჟიურის მიერ შერჩეული 50 ბავშვის ნამუშევარი გაიგზავნა. პარიზში ბრმა პრინციპით შერჩეული 50 ნამუშევრიდან —7 ქართველი ბავშვის ნახატი აღმოჩნდა.
აღნიშნულ კონკურსთან დაკავშირებით, ფრანგული არასამთავრობო ორგანიზაცია,,club de chance” —ის საქართველოში წარმომადგენლობის „club de chance Tiflis“-ის კომუნიკაციის მენეჯერს სოფი მეიშვილს დავუკავშირდით.
სოფი მეიშვილი: საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა პროექტში "დამიხატე მშვიდობა", რომელიც საერთაშორისო კონკურსია. იგი საფრანგეთში ყოველ წელს იმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები იღებენ მონაწილეობას. ისინი თავიანთი თვალით დანახულ მშვიდობას ხატავენ. ეს კონკურსი საქართველოში „club de chance Tiflis“-ის ორგანიზებით მოეწყო. ქართველი ჟიურის მიერ შერჩეული 50 ბავშვის ნამუშევარი პარიზში გაიგზავნა. ჩვენ, ლატარიის პრინციპით გამარჯვებული თბილისელი მოზარდი, ეროვნებით გერმანელი გოგონა, სასკია ბური მშობელთან ერთად პარიზში გავაგზავნეთ.
საფრანგეთში ყველა ქვეყნიდან გაიგზავნა 50 ნამუშევარი, საიდანაც იქაურმა ჟიურიმ, ბრმა შერჩევის პრინციპით, 50 ნამუშევარი შეირჩა. მათ შორის 7 ქართველი აღმოჩნდა, ესენია: ნინო ჭოხონელიძე, ნინი ლებანიძე, სალომე ყიფშიძე, დანიელ თუნგია, ანა ნიჟარაძე, გვანცა ბოჭორიძე და თაკო ლონდარიძე. მინდა გითხრათ, რომ ესაა ამ პროექტის მესამე ღონისძიება, რომელიც საქართველოში „club de chance Tiflis“-ის ორგანიზებით ჩატარდა. დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდა ბავშვთა დაცვის დღეს,1 ივნისს, გალერეა IART-ში, სადაც გამარჯვებულ 7 ქართველ ბავშვს საერთაშორისო სერთიფიკატი და მედლები გადაეცა.
პროექტი, რომლის ფარგლებში იმართება ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსი,,დამიხატე მშვიდობა“ წელიწადში ერთხელ იმართება და კულტურულ-ჰუმანიტარული პროექტია. მისი მიზანია გააგრძელოს ბავშვთა ნახატების კონკურსი სერიიდან „მშვიდობის სიმფონია“, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვები იღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ 2016 წელს ხსენებულ პროექტში 300 ბავშვმა მიიღო მონაწილეობა შემდეგი ქვეყნებიდან: ბელორუსი, სომხეთი, საქართველო, ჩინეთი, ყირგიზეთი, მადაგასკარი, მოლდოვა, ნიგერია, რუსეთი, აშშ, ტაჯიკეთი, თურქეთი, უზბეკეთი, უკრაინა, საფრანგეთი, ესტონეთი. კონკურსის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ეს არის კონკურსი პოლიტიკის გარეშე, რომლის პარტნიორები ორგანიზაციები და კერძო პირები არიან. წლევანდელი დაჯილდოების ცერემონიალი პარიზში 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომის გამარჯვების თარიღს დაამთხვიეს.