თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ეკონომიკური დიპლომატია — საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ის ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზეა ორიენტირებული, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.
ბიზნეს-ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე ჯანელიძემ 2016-2017 წლების ეკონომიკური დიპლომატიის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
„ეკონომიკური დიპლომატია მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციას, ქართული პროდუქციის ახალ ბაზარზე გასვლას, ახალი ტექნოლოგიების მოზიდვასა და და მენეჯმენტის წინაშე მდგარი ბარიერების გადალახვას შეუწყობს ხელს“, — განაცხადა ჯანელიძემ.
მინისტრის განმარტებით, სამინისტრო ეკონომიკური დიპლომატიის მიმართულების გააქტიურების მიზნით, ცალკეულ საელჩოებთან მუშაობს.
„ეს ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ადგილობრივ ბიზნეს-წრეებში საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარებისა და ბიზნეს-შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას“, — აღნიშნა ჯანელიძემ.
2015 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ 1,35 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია 2014 წლის მონაცემზე.
2015 წელს საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში განხორციელდა — 594 მლნ აშშ დოლარი, რაც 2014 წლის მონაცემებთან შედარებით, 37%-ით მეტია.