თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ხელისუფლებას 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის მაღალი დონის პრობლემის გადასაწყვეტად სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდა.
ომბუდსმენის ინფორმაციით, განვითარებულ ქვეყნებში ათასი ახალშობილიდან ექვსი იღუპება, საქართველოში კი — 12. გასულ წელს ჩვენს ქვეყანაში ხუთ წლამდე ასაკის 576 ბავშვი გარდაიცვალა.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კვლავ რჩება 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის პრობლემაა. ამ მხრივ აუცილებელია პრევენციისთვის გარკვეული ზომების მიღება. მათ შორის, სპეციალური სამოქმედო გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რომ მოხდეს პრევენცია ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობისა“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
ომბუდსმენის თქმით, ბავშვთა შორის სიკვდილიანობის ერთ–ერთი მიზეზი ოჯახური ძალადობაცაა. ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა ხელისუფლებას ურჩია, ბავშვთა დაცვის ძალადობისგან დაცვის მიზნით კანომდებლობა გაამკაცროს.
„ჩვენი წინადადება, რომ გამკაცრებულიყო ზოგადად კანონმდებლობა და უფრო დაცულიყო ბავშვი ძალადობისგან, ჯერჯერობით… არ არის გათვალისწინებული. არ არსებობს ნორმალური კოორდინაცია სახელმწიფო უწყებებს შორის, როდესაც ბავშვთა ძალადობაზე ვსაუბრობთ“, — განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
UNICEF–ის ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 45% ბავშვების აღზრდაში ფიზიკური ზომების გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს, ხოლო 60%-მა განაცხადა, რომ აღზრდის მკაცრ მეთოდებს კარგი შედეგი მოაქვს.