თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებული ვადაზე ადრე გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველმა ადგილობრივმა საბჭომ მიიღო.
სამი არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საქმე რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით იხილებოდა — ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა; ოჯახური პირობები, მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში და ასევე მსჯავრდებულის დამოკიდებულება ჩადენილი დანაშაულის მიმართ.
ამ ეტაპზე საქართველოს ციხეებში 15 არასრულწლოვანი იხდის სასჯელს.
ადგილობრივი საბჭოო არასრულწლოვანთა საქმეებს ყოველთვიურად იხილავს.