ნინი რაზმაძე
- ალეკო სად ცხოვრობ, როგორ მოხვდი ქუჩაში?
— პატარაობაში ბავშვთა სახლში ვცხოვრობდი, მაგრამ იქ ბავშვებთან პრობლემები შემექმნა, ასე ვთქვათ, დიდი ბიჭები მჩაგრავდნენ. ამდენ ჩხუბს და კამათს ვერ გავუძელი და დავტოვე იქაურობა. მას შემდეგ ქუჩაში ვარ.
- ღამით სად რჩები?
— ღამეს სადღედამისო ინტერნეტ-კაფეში ვათენებ, ოთხ ლარს ვიხდი და მთელი ღამე იქ ვარ.
- ბავშვთა სახლში რატომ ცხოვრობდი, მშობლები არ გყავს?
— სახლიდან ჩემი ნებით წამოვედი, მშობლები მყავს, მაგრამ მათთან ცხოვრებას ქუჩა ვარჩიე. ძალიან მინდა მონასტერში წასვლა, მაგრამ რამდენჯერაც წავედი, იმდენჯერ მომაკითხეს სოციალურმა მუშაკებმა და წამომიყვანეს.
- შენს ოჯახზე მოგვიყევი?
— ორი და მყავს და ერთი ნახევარძმა. დები მამასთან ერთად ცხოვრობენ, ნახევარძმა კი ბავშვთა სახლში. მასთან ხშირი ურთიერთობა არ მაქვს. ჩემმა ოჯახის წევრებმა იციან ქუჩაში რომ ვცხოვრობ.
- რატომ გადაწყვიტე ქუჩაში ცხოვრება?
— დედამ მიგვატოვა. რატომ წავიდა დღემდე არ ვიცი, რამდენჯერ დავსვი სახლში ეს კითხვა, მაგრამ პასუხს არავინ მეუბნება. გამიჭირდა ძალიან და დავტოვე იქაურობა. დედაჩემი, როგორც გავიგე, ლილოს დასახლებაში ცხოვრობს, მაგრამ რა ადგილას არ ვიცი. დედაჩემი სულ ერთი-ორჯერ შემეხმიანა ტელეფონით. მას სხვა ოჯახი ჰყავს.
- ქუჩაში დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენს შოულობ?
— დახლოებით 10 ლარს, ბევრს ვერაფერს.
- ყოველ დღე დადიხარ ქუჩაში?
— კი, სხვადასხვა ადგილას დავდივარ. ხალხს გაუჭირდა და ზოგ ადგილას, საერთოდ 5 თეთრსაც ვერ შეაგროვებ.
- სკოლაში არ სწავლობ?
— თავიდან სკოლაში დავდიოდი, შემდეგ სწავლას თავი დავანებე. ძალიან მინდა სწავლის გაგრძლება, წერა-კითხვა ვიცი, ლექსებსაც ვწერ. ადრე მუსიკა, ხელოვნება და ლიტერატურა მიყვარდა. ზოგჯერ ვხატავ კიდეც. 16-17 წლის რომ გავხდები, სადმე მუშაობას აუცილებლად დავიწყებ და ფულს შევაგროვებ რომ ვისწავლო. სამსახურის თხოვნით ახლაც ბევრ ადგილას ვიყავი მისული, მაგრამ უარით გამომისტუმრეს. ჯერ არ ვიცი მომავალში რა პროფესიას ავირჩევ. ადრე ვარანცოვზე „სატაინკაზე“ ვმუშაობდი და რამდენიმე დღე რუსთაველზე, მაკდონალდთანაც ვიყავი. დღეში 15-20 ლარს ვშოულობდი.
- ქუჩაში ცხოვრება რთული არაა?
— კი. ძალიან რთულია. წარმოიდგინე „ხულიგნები“ როცა მოვლენ, გაგლახავენ და მთელი დღის განმავლობაში მოგროვებულ ფულს წაგართმევენ და შენ ვერ ეწინააღმდეგები, იმიტომ რომ მარტო ხარ, თან მათზე პატარა. ისინი ასე დადიან ხოლმე, სხვებს უშაირდებიან, შემდეგ სცემენ და რაც ჯიბეში აქვთ, ყელაფერს ართმევენ.
- ყველაზე რთული პერიოდი რომელია?
— ყველაზე მეტად ზამთარი მიჭირს. ქუჩაში დახეული ტანსაცმლით დავდივარ, თბილი ტანსაცმელიც არ მაქვს და ზოგჯერ ვიღაც მჩუქნის ხოლმე თბილ ჯემპრს ან „კურტკას“. ზამთარში ფულის შეგროვებაც გაცილებით რთულია, იმიტომ რომ სიცივეში ქუჩაში ბევრი ხალხი არ დადის.
- საზოგადებას რა დამოკიდებულება აქვს შენი და შენი მეგობრების მიმართ?
— ზოგს ვეცოდებით, ზოგიც დაგვცინის, ბომჟურად გაცვიათო… ძირითადად გოგონები დაგვცინიან.
- სახლში დაბრუნებაზე არ გიფიქრია?
— მამაჩემის მრცხვენია ძალიან, იმიტომ რომ ბევრჯერ მოვატყუე. ბევრჯერ ისეთი რამ გავაკეთე, რაც არ უნდა გამეკეთებინა… თან უკვე შევეჩვიე ქუჩაში ყოფნას.
- რაზე ოცნებობ?
— ჩემი ყველაზე დიდი სურვილია ოჯახი შევქმნა, ჩემი სახლი მქონდეს და საშუალება, რომ ჩემი ოჯახი ვარჩინო.
- თავიდან მითხარი რომ ლექსებს წერ…
— ლექსების წერა დედამ რომ მიგვატოვა, მას შემდეგ დავიწყე. დედაზე და სიყვარულზე მაქვს დაწერილი ლექსები. როცა ძალიან მენატრება, ჩემს დაწერილ ლექსებს ვკითხულობ და რაღაცნაირ სითბოს ვგრძნობ.
…დღეს 1 ივნისია —ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. დღეს ყველგან პატარების ჟრიამულის ხმა ისმის, დღეს მათი სიხარულის მოლოდინი უსაზღვროა და აღტაცებისგან გაფართოებული თვალები მთელ სამყაროს იტევს, რომელშიც ყველაზე დიდი ადგილი დედას აქვს. დედას, რომლის მიერ გადადგმულმა ნაბიჯმა ალეკოს ცხოვრება 10 წლის ასაკში შეცვალა… შორს, ჰორიზონტზე ოცნებები ყელყელაობენ, აქ კი პასუხგაუცემელი კითხვაა — რატომ მიმატოვე დედა?!