ბავშვების, ერთი შეხედვით, სასაცილო ენა მეცნიერებს, თურმე, სერიოზული დასკვნების გაკეთების საშუალებას აძლევს. ქართველმა ენათმეცნიერმა ნინო ჭუმბურიძემ ამ თემას რამდენიმე სერიოზული კვლევა მიუძღვნა. Sputnik-ი დაუკავშირდა მას და ეცადა გაერკვია, რა „იმალება“ საბავშვო ენის მიღმა?
— ქალბატონო ნინო, როდის და რატომ დაინტერესდით სერიოზულად ბავშვების მეტყველების თავისებურებებით?
— ამ თემით მაშინ დავინტერესდი, როცა ჩემი უფროსი ვაჟი პატარა იყო და ლაპარაკს სწავლობდა. დავიწყე მისი ჩაწერა, შემდეგ არა მარტო ჩემი შვილების, სხვების საინტერესო გამონათქვამებსაც ვიწერდი. სამწუხაროდ, ყველაფრის ჩაწერას, რაც ენათმეცნიერული თვალსაზრისით საინტერესოა, ვერ ვახერხებდი, რაზეც გული მწყდება. მერე თავიანთი შვილების, ნათესავების, ახლობლების ნათქვამ ფორმებსა და ფრაზებს ჩემი კოლეგები, მეგობრები და ახლობლებიც მაწვდიდნენ. ქალბატონმა ანი ჭაბაშვილმა მამის, ცნობილი ენათმეცნიერის, მიხეილ ჭაბაშვილის ჩანაწერებიც მომცა. ამ მასალაზე დაკვირვებისას გამოჩნდა ზოგი კანონზომიერება, რითაც გამოწვეულია ბავშვთა ენის განსხვავება ნორმატიული ენისაგან.
— ალბათ უფრო საინტერესო იქნება კონკრეტული მაგალითების მოყვანა.
— მოგახსენებთ, ბავშვები იმ მოდელების მიხედვით, რომლებიც ენაში გვაქვს, ძალიან საინტერესო სიტყვებს „ქმნიან“. ასეთი ფორმებია გამოყენებული მაგალითად შემდეგ ფრაზებში: რა წყნარებაა! ვნახოთ ამის სიზომე! ნახე, რა სინიავეში ვარ!.. ზოგჯერ ბავშვები რომელიმე აფიქსს არასწორად იყენებენ, მაგრამ ამას აქვს თავისი საფუძველი. მაგალითად, "ა" ზმნისწინს, რომელიც ბევრ შემთხვევაში ქვემოდან ზემოთ მიმართულ მოქმედებას გამოხატავს, ბავშვები იყენებენ ისეთ ზმნებთან, რომელთა შინაარსს ეს ზმნისწინი არ შეეფერება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ზმნისწინის ფუნქცია ხდება განმსაზღვრელი: "ადევი (ანუ: აიღე) და ნახე! ჯოხი ჩავარჭე, როგორ ამოვარჭო?" ბავშვის ლოგიკით, თუ არსებობს ჩავარჭე, საპირისპირო მნიშვნელობის ფორმა იქნება ამოვარჭე. ეს ფორმები, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად იქმნება. ან კიდევ: სიტყვას "რსებობს" ბავშვები ხშირად არსებობის საპირისპირო მნიშვნელობით იყენებენ: რსებობს — ანუ არის, არსებობს, ანუ არ არის.
— ქალბატონო ნინო, ზოგჯერ ბავშვები გარკვეულ სიტყვებს უფრო ფართო მნიშვნელობითაც იყენებენ ხოლმე.
— დიახ, ასე გახლავთ. მაგალითად, სიტყვა "ნაპირალი" ესმით როგორც სხვის მიერ გამოყენებული და გვხვდება ასეთი გამოთქმები: სხვისი ნაპირალი მაცვია, სხვის ნაპირალზე ვერ დავჯდები… ერთადერთი ორი სკამი მაქვს, — ამბობს ბავშვი იმიტომ, რომ "ერთადერთს" მისთვის ის მნიშვნელობა აქვს, რაც სიტყვას "მხოლოდ". ზოგჯერ სიტყვის მნიშვნელობის გადახრასთან გვაქვს საქმე: ცოცხალი მანქანა, სუქანი ჩურჩხელა, შარვალი თავდაყირა კიდია, შადრევანი დაიჩუტა, კამფეტი გაგითალე… ახალი სიტყვები იმის გამოც იქმნება, რომ ბავშვები სიტყვის ლექსიკურ მნიშვნელობას თავისებურად იაზრებენ. სახრე კი არა, სამხრე, იმიტომ რომ მხარზე აქვს გადებული, — ასე ახსნა იგი ერთმა ბავშვმა, რომელსაც ეს სიტყვა ზღაპარში შეხვდა და მისი მნიშვნელობის გარკვევა ნახატის მიხედვით სცადა. ერთმა პატარა ბიჭმა კი ასე დაუკავშირა მისთვის უცხო სიტყვა აქამდე ნაცნობს: კი არ მოკურცხლა, მოკურდღლა, ანუ კურდღელივით გაიქცა.
— ბავშვების სამეტყველო ენაზე დაწერილ რომელ ცნობილ წიგნს გაიხსენებდით?
— პირველ რიგში, ალბათ, რუს მწერალს, კორნეი ჩუკოვსკის, რომელსაც ძალიან აინტერესებდა ბავშვების სამეტყველო ენა და ამაზე წიგნიც აქვს დაწერილი. მის წიგნში, რომელსაც ჰქვია "ორიდან ხუთამდე", ენობრივი თვალსაზრისით ბავშვების საინტერესო გამონათქვამები და ფორმებია შესული. აქვე ნაჩვენებია, თუ როგორ ბაძავენ ისინი უფროსების ლაპარაკს და ახალ სიტყვებსა და ფრაზებს თავადაც ქმნიან.
— ქალბატონო ნინო, სხვადასხვა თაობების ბავშვების სასაუბრო ენას შორის რაიმე საერთო ხაზი თუ არსებოს?
— როგორც ზემოთ აღვნიშნე, ბავშვები იმეორებენ იმას, რაც ესმით. ამავე დროს 2-3 წლის ასაკიდან აღიქვამენ იმ ენობრივ მოდელებს, რაც არსებობს და ამ მოდელების მიხედვით ახალ, საკუთარ ფორმებსა და სიტყვებს ქმნიან და ეს არის სწორედ ის საერთო ხაზი, რაც სხვადასხვა თაობის ბავშვებს შეიძლება აერთიანებდეს. ისევ მაგალითს მოვიყვან: ზმნა "ზის" ბავშვებს ხშირად წარსულში გადაჰყავთ, როგორც "ზიოდა". ეს მათთვის წარსული დროის "იჯდას" ნიშნავს. კურდღლის აპლიკაციის გადაყვანის დროს ერთმა ბავშვმა გამოიყენა ზმნის ასეთი ფორმა: "დავაბაჭიე", რომლითაც, ფაქტობრივად, შეცვალა სამი სიტყვა: "ბაჭიის აპლიკაცია გადავიყვანე".
ასე რომ, ბავშვის სასაუბრო ენა თავისებური ფორმებითა და ლექსიკით ენათმეცნიერთათვის საინტერესო მასალას წარმოადგენს და სპეციალურ შესწავლას, ღრმა ანალიზს საჭიროებს.