თბილისი, 1 ივნისი — Sputnik. ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ვარაზისხევისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელ გზაზე მდებარე კუნძულზე, 13 ივნისს დაღუპულთა ხსოვნის საპატივცემულოდ, სიმბოლურად, მარადმწვანე ხეები დაირგო, — იტყობინება თბილისის მერია.
ილექსის ჯიშის 23 ხის დარგვაში მონაწილეობა თბილისის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად, დაღუპულთა ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მიიღეს.
„13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპულთა და დაკარგულთა სახელობის ხეები დავრგეთ. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ ეს ადამიანები არასდროს დავივიწყოთ და აღნიშნული ტერიტორია იქნება კონკრეტული ადგილი, სადაც ყოველთვის მოვალთ და მოვიგონებთ მათ სახელებს,“- განაცხადა დავით ნარმანიამ.
13 ივნისის სტიქიის შედეგად, სულ 21 ადამიანი დაიღუპა, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. სწორედ, მათი ხსოვნის საპატივცემულოდ ვერეს ხეობას 23 მარადმწვანე, განსაკუთრებული ჯიშის ხე შეემატა. მერთან ერთად, სიმბოლურ ღონისძიებაში მონაწილეობა ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ, მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და ვაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ მიიღეს.