დღეს მე, პროტესტის ნიშნად (იმედია, ამაში ყველა მხარს დამიჭერთ) ჩვენს აივანზე გამოვედი, უფრო სწორედ გამოვლაგდი, როგორც… საქონელი…
არ შეგეშინდეთ! იმ საქონელს კი არ ვგულისხმობ, რომ იცოხნება, ირქინება, ღმუის… და კიდევ ცუდ რაღაცეებს აკეთებს ხოლმე… მე სავაჭრო სფეროს საქონელს ვგულისხმობ და, შესაბამისად, სპეციალური იარლიყიც მიკეთია, მარჯვენა მაჯაზე… სადაც წონა, ზომა, ასაკი, ხასითის თვისებები და ა.შ. არის მინიშნებული…. მაგალითად, რომ მიყვარს საზამთროს მურაბა და წიწაკა, კარგად ვცურავ, ცოტა მოვიკოჭლებ მარჯვენა ფეხზე და ტექნიკაში და ა.შ. დღეს კი შემომაქვს შემდეგი წინადადება — რადგანაც ჩვენს საზოგადოებაში გიჟდებიან იარლიყების მიწებებაზე, ადამიანს უნდა მიეცეს უფლება, თავად დაამზადოს საკუთარი იარლიყი… მე მაგალითად ჩემს იარლიყზე დავწერ მხოლოდ სიმართლეს… ერთადერთი, საკვებ პროდუქტზე რომ აწერია, „შენახვის ვადა“, იმ გრაფას გამოვტოვებ, რადგანაც ბოლომდე ვერ გავარკვიე — პასტერიზებული ვარ თუ მალეფუჭებადი…
დღეს კი, ზუსტად 90 წლის წინ, 1926 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დაიბადა უნიჭიერესი, ულამაზესი და ჰოლივუდის ვარსკვლავობის მიუხედავად, ძალიან დაუცველი მერლინ მონრო… ქალი, რომელიც სწორედ „იარლიყების“ მიწებების სიმბოლო და მსხვერპლიც გახდა… თითქმის ყველაფერი, რაც მას მიაწერეს და რისიც მეც დიდხანს მჯეროდა, სანამ საქმის არსში გარკვევის სურვილი გამიჩნდებოდა, ტყუილი აღმოჩნდა…
არაკეთილმსურველთა შეფასებები თავიდან რომ არ გავიმეოროთ, მე პირდაპირ მათი უარყოფით დავიწყებ…
• მერლინ მონროს ნატურალური ქერა თმა ამშვენებდა და იღებავდა მას მხოლოდ ფერის გამოსაცოცხლებლად…
• მერლინ მონრო იყო საკმაოდ ნაკითხი ქალბატონი, ქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. ძალიან უყვარდა სერიოზული ლიტერატურა, განსაკუთრებით, ტოლსტოი და დოსტოევსკი. მისი IQ (ინტელექტის კოეფიციენტი) 168(!) ქულას შეადგენდა (საშუალო მაჩვენებლად 90-100 ქულაა მიჩნეული). ქონდა სხარტი გონება და დახვეწილი იუმორის გრძნობა, რაზეც მოწმობს მისი მშვენიერი გამონათქვამები და ექსპრომტები, რომლებსაც დღემდე იხსენებენ, მაგრამ არ იციან, რომ მას ეკუთვნის… ძალიან მომწონს მისი სიტყვები — „ქალს აქვს 2 დამღუპველი იარაღი — ცრემლები და ტუში და ის ფაქტი, რომ მამაკაცები ჯერ კიდევ არსებობენ გამოწვეულია მხოლოდ იმით, რომ ქალები ორივე იარაღს ერთდროულად ვერ იყენდნენ“… ხოლო მისი ფრთიანი ფრაზა იმის შესახებ, რომ ის ღამე საწოლში „იცვამს მხოლოდ რამდენიმე წვეთ „შანელ N5“-ს“, ამ მშვენიერი სუნამოს წარმატების ერთერთი სერიოზული საწინდარი გახდა…
• მერლინ მონრო იყო ძალიან გულწრფელი და თბილი ადამიანი. მან იცოდა ნამდვილი მეგობრობაც და სიყვარულიც. მისი უახლოესი მეგობარი ელა ფიცჯერალდი ყვებოდა, რომ მისი წარმატება არის მერლინ მონროს დამსახურება, რადგანაც მან ერთ-ერთი ჯაზ-კლუბის დირექტორს გამოუცხადა, რომ ივლის ბარში მხოლოდ იმ დღეებში, როცა სცენაზე ელა იმღერებს… და დადიოდა კიდევაც… ელას კარიერა კი სწორედ ამ კლუბიდან დაიწყო…
• მერლინ მონრო აბსოლუტურად არ იყო პრაქტიკული და არასდროს არ გამოუყენებია მამაკაცები… პირიქით კი ხდებოდა ხოლმე… როდესაც ის გარდაიცვალა, მისი მეგობარი მამაკაცებიდან, მხოლოდ მეორე მეუღლე, ცნობილი ბეისბოლისტი — ჯო დი მაჯო დაესწრო დასაფლავებას… სხვათაშორის, ის ერთადერთი მამაკაცი იყო მის ცხოვრებაში, ვისაც მართლაც უყვარდა მერლინი და ბოლომდე ედგა მხარში…
• მერლინ მონროს, მიუხედავად მისი ცნობილი სიმღერისა — „ქალიშვილების საუკეთესო მეგობრები ბრილიანტები არიან“, საერთოდ არ უყვარდა სამკაულები… გინდ დაიჯერეთ და გინდ… მაინც დაიჯერეთ… მას სულ ერთი ბრიალიანტის ბეჭედი ქონდა და ერთიც მარგალიტის მძივი…
• მერლინ მონრო არასდროს არ იმოკლებდა ქუსლს ცალ ფეხსაცმელზე და მხოლოდ მისთვის ჩვეული სიარულის მანერა მერლინის განსაკუთრებული გრაციისა და შრომისმოყვარეობის შედეგი იყო…
• მერლინ მონროს, რაღა თქმა უნდა ორივე ფეხზე ზუსტად 5-5 თითი ქონდა… თუმცა არსებობს მისი პლიაჟზე გადაღებული ფოტო, სადაც აშკარად ჩანს მის ფეხზე მოკალათებული მეექვსე თითი… შემდეგ გაირკვა, რომ ეს მხოლოდ ე.წ. შუქის ეფექტია და მე-6 თითი სინამდვილეში შემთხვევით მიწეპებულ ქვიშის გუნდას წარმოადგენს…
ასე რომ “მერლინ მონროს ექვსი თითი — ლეგენდა არის და მითი“… როგორც ბევრი სხვა რამეც…

ვიცი, ყველა ქვეცნობიერად ელოდებით, როდის ვიტყვი რამეს აშშ პრეზიდენტის ოჯახის წარმომადგენლებზე… ერთადერთი, რასაც გეტყვით და ზუსტად ვიცი, რომ მერლინი და რობერტ კენედი ნამდვილად მეგობრობდნენ… რაც შეეხება ჯონ კენედის… ამაზე თავს შევიკავებ, რადგანაც ჩემთვის პირადად მთავარი დანაშაული, რაშიც მერლინს ბრალს დებდნენ, ანუ კავშირი ერთდროულად 2 ძმასთან, მოხსნილია…
თუმცა… ერთი ჩემთვის ძალიან სერიოზული ნაკლი მერლინს მაინც გააჩნდა — ძალიან არაპუნქტუალური იყო, ყველგან და ყოველთვის იგვიანებდა… თუმცა, როცა შერბოდა დარბაზში, სადაც ყველა ელოდებოდა, თანაც ბოროტად, გულწრფელად იხდიდა ბოდიშს და ამბობდა — „ოჰ, ისევ დავიგვიანე? მაპატიეთ! მე ამას მხოლოდ იმიტომ ვაკეთებ, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცო საკუთარ თავს, რომ ვიღაცა მართლა მელოდება და ნერვიულობს ჩემზე“…
ახლა, ამას მერლინისნაირი ქალი რომ გეტყვის… აპატიებ, აბა, რას იზამ…
1962 წლის 5 აგვისტოს მერლინ მონრო ლოს-ანჯელესის სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური ვერსიით, მან თავი მოიკლა… ის სულ 36 წლის იყო…
გუშინ წავიკითხე მერლინის ბოლო ინტერვიუ და გული ჩამწყდა, იმდენად ადამიანური და სევდიანია… „მე ვარ მსოფლიოში ერთერთი ყველაზე მორცხვი ადამიანი… მე მართლა უნდა ვისწავლო ბრძოლა… ძალიან მიყვარს ადამიანები, მაგრამ მეშინია საზოგადოების“…
და ამას წერდა 50-იანი წლების სექს-სიმბოლო, ჟურნალ “PLAYBOY”-ს პირველი ნომრის ყდაზე გამოსახული მომღიმარე ულამაზესი ქალი…
ამიტომ სულ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთმანეთს კარგად უნდა დავაკვირდეთ და სათუთად გავუფრთხილდეთ…
გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ დღეს!
ლელა ანჯაფარიძე