თბილისი, 31 მაისი — Sputnik. უფლებათადამცველი ორგანიზაცია Walk Free Foundation-ის მიერ შედგენილ 2016 წლის მონობის გლობალურ ინდექსში, საქართველოს 167 ქვეყანას შორის 105-ე ადგილი უჭირავს.
კვლევის თანახმად, საქართველოში 20 ათას 900 კაცი (მოსახლეობის 0,467%) მონობაშია. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მონობის თანამედროვე ფორმებზე ევრაზიის რეგიონის ქვეყნებს შორის ადექვატური რეაგირება იკვეთება მხოლოდ საქართველოსა და მოლდოვაში.
„საქართველო და მოლდოვა ერთადერთი სახელმწიფოებია, სადაც ხელისუფლების რეაგირება თანამედროვე მონობის პრობლემებზე 50%-ს აღემატება. ინდექსის თანახმად, ხელისუფლების რეაგირებით საქართველო მსოფლიოში მე-18 ადგილზეა“, — ნათქვამი კვლევაში.
თანამედროვე მონობად Walk Free Foundation მიიჩნევს ადამიანის ექსპლუატაციის სხვადასხვა სახეს, რომლის დროსაც ადამიანი იძულებულია რაიმე სახის ქმედება განახორციელოს მუქარის, ძალადობის, იძულების, სასტიკი მოპყრობის ან მოტყუების გამო.
WFF-ის ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ამჟამად მონობაში 45 მილიონი ადამიანი იმყოფება და მათი დიდი ნაწილი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონშია. 2014 წელს მონათა საერთო რაოდენობა მთელს მსოფლიოში 28%-ით გაიზარდა.
კვლევის მონაცემებით, სომხეთს 119-ე ადგილი უჭირავს 14,1 ათასი ადამიანია მონობაში (მოსახლეობის 0,47%), აზერბაიჯანში 45 ათასი ადამიანი (მოსახლეობის 0,47%) და იგი 80-ე ადგილზეა. ირანი და თურქეთი მე13 და მე-14 ადგილზე არიან — 495,3 ათასი (0,63%) და 480,3 ათასი (0,63%) შესაბამისად. რუსეთს მე-7 ადგილი უჭირავს, ქვეყანაში 1 048,500 ათასი ადამიანი მოხვდა მონობაში.
თანამედროვე მონების ყველაზე დიდი რაოდენობაა ინდოეთში, სადაც 18,35 მილიონი ადამიანი მოხვდა ექსპლუატაციის ქვეშ. აზიის ქვეყნებმა ამ მაჩვენებლით პირველი ხუთეული დაიკავეს. ინდოეთს მოსდევს ჩინეთი — 3,39 მილიონი ადამიანით, შემდეგ პაკისტანია — 2,13 მილიონი ადამიანით, ბანგლადეში — 1,53 მილიონი და უზბეკეთი — 1,23 მილიონი.
საუკეთესო მაჩვენებლები აქვს ბარბადოსს — 600 ადამიანი, ისლანდიას — 400 ადამიანი და ლუქსემბურგს — სულ 100 ადამიანი.