თბილისი, 31 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება ზედაპირულად უყურებს თამბაქოს მოხმარების პრობლემას და ამიტომ, „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ დღის აღსანიშნავად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია „ სიკვდილის ტაბლო“ გამართა.
აქციის მონაწილეებმა სიმბოლურ ტაბლოზე ციფრებით გამოსახეს ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თამბაქოს მოხმარების გამო გარდაიცვალნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კვლევის თანახმად, საქართველოში ყოველწლიურად 11 ათასი ანუ დღეში 30 ადამიანი იღუპება.
„ჩვენ ტაბლო შევქმენით, რომელიც უჩვენებს ხელისუფლების უმოქმედობის გამო თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა… ამ ხელისუფლების სინდისზე 35 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილია“, — განაცხადა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თამბაქოს კონტროლის თაობაზე კანონპროექტის ინიცირებისათვის ხელისუფლებას ერთკვირიანი ვადა მისცეს.
„ჩვენ საპარლამენტო არჩევნებამდე ვითხოვთ კანონპროექტის ინიცირებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოვააშკარავებთ ყველა იმ პირს, რომელიც ამ პროცესს ეწინააღმდეგება“, — აღნიშნა ბახტურიძემ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნებია: „აიკრძალოს თამბაქოს რეკლამა!“, „დაგვიბრუნეთ სუნთქვის უფლება!“, „ნუ ბლოკავთ თამბაქოს კონტროლის კანონმდებობას!“.
თამბაქოს გარეშე მსოფლიო დღე 1987 წელს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დააარსა, რომელიც 31 მაისს აღინიშნება.