„ანგელოზების“ ოჯახი უკვე 175 წელია, რაც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი თეატრებისა და კინოსტუდიებისთვის კოსტიუმებს ქმნის. ატელიეს მხატვრებმა ამ ხნის განმავლობაში 37–ჯერ მოიპოვეს „ოსკარი“. ყველაფერი კი XIX საუკუნეში ერთი ღატაკი, მაგრამ მეტად მკვირცხლი ებრაელი ყმაწვილით დაიწყო, რომელიც სასაფლაოს ზედამხედვლად მუშაობდა.
მე–19 საუკუნის დასაწყისში ინგლისის ერთ–ერთ პორტს ხომალდი მიადგა, საიდანაც ებრაელი ყმაწვილი გადმოვიდა და იმხანად ტავერნებითა და ბორდელებით სახელგანთქმული რაიონისკენ, კოვენტ–გარდენისკენ აიღო გეზი. ოთახის დაქირავება იქ ბევრად იაფად შეიძლებოდა, ვიდრე რომელიმე სხვა უბანში და სწორედ ამიტომაც მიუყვებოდა დენიელ ენჯელსი ლონდონური წვიმით ატალახებულ გზას იქით.
როგორც იქნა, შესაფერი ოთახი იშოვა და სხვა პრობლემის მოგვარებაზე დაიწყო ფიქრი: სამუშაო სჭირდებოდა, რომ პურის ფული ეშოვა. და რაღაი კერვა ეხერხებოდა, ნელ–ნელა შემოიკრიბა კოვენტ–გარდენის ღარიბი მოსახლეობა, რომელიც ახალი ტანსაცმლის შეკერვას ვერ ახერხებდა, მაგრამ გადასაკეთებელ–დასაპატარავებელსა და შესაკეთებელ–საკერებელ დასადებს მაინც გამოძებნიდა ხოლმე.
სწორედ ძველი ტანსაცმლის გადაკეთებითა და შეკეთებით გაითქვა სახელი დენიელმა, თუმცა ამ საქმიანობას დიდი არაფერი შემოსავალი მოჰქონდა. მკერავი სწორედ იმდენს შოულობდა, რამდენიც თვიდან თვემდე თავის ძლივს გასატანად იყო სამყოფი.
რაღაც უნდა ეღონა, სხვა გზა არ იყო. დენიელ ენჯელსი მდიდარი ბრიტანელების სასაფლაოზე მოეწყო ზედამხედველად, რასაც დამატებით შემოსავალი მოჰქონდა. მალე კი დაქვრივებულ მდიდარ ქალბატონებს დაუახლოვდა და მათთვის გარდაცვლილი მეუღლის ტანსაცმლის გადამკეთებელ–გამსაღებლის როლიც მოირგო…
სწორედ აქედან დაიძრა საქმე.
დენიელ ენჯელსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ გავიდოდა დრო და მის მიერ დაწყებული ერთკაციანი საქმე მილიონობით გირვანქა სტერლინგის მოგებას მოიტანდა. სხვა რომ არაფერი ვთქვათ, „Angels The Costumiers–ის“ წარმატებაზე, რომლის ფუძემდებლადაც იქცა ღატაკი ებრაელი ყმაწვილი, მხოლოდ ის ფაქტიც მეტყველებს, რომ გასულ წელს, ჰელოუნის დღესასწაულზე, ატელიემ კოსტიუმების გაქირავებით ერთ დღეში 2 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი გამოიმუშავა!
გაინტერესებთ, რატომ ჰყავდა ამდენი კლიენტი „ანგელოზების“ ატელიეს? იმიტომ რომ ატელიე, რომელიც 1840 წელს გაიხსნა, დღემდე ინარჩუნებს მსოფლიოს უცნობილესი თეატრებისა და კინოსტუდიების ერთ–ერთი მთავარი „კოსტიუმერის“ ტიტულს.
ის თამამად შეიძლება მივიჩნიოთ კინოს თანატოლად, იმიტომ რომ „სინემატოგრაფისთვის“ პირველი შეკვეთა მან ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მიიღო. „ანგელოზებმა“ 1913 წელს შეკერეს პირველი კოსტიუმები ბრიტანული მუნჯი კინოს ნიმუშისთვის, ფილმ „კონკიასთვის“.
ბოლო ასი წლის განმავლობაში ატელიემ 37–ჯერ მოიპოვა „ოსკარი“ საუკეთესო კოსტიუმებისთვის. აქედან პირველი — 1948 წელს ფილმისთვის „ჰამლეტი“, რომელშიც მთავარ როლს ლოურენს ოლივიე ასრულებდა. ამას მოჰყვა „ოსკარები“ „ვარსკვლავური ომების“, „ექიმ ჟივაგოს“, „დიდი გეთსბის“, „ოტელ გრანდ ბუდაპეშტისთვის“.
„ანგელოზები“ ერთდროულად „ოსკარსა“ და „ბაფდაზე“ („ბრიტანეთის ფილმების დაჯილდოება“) წარდგენილი რამდენიმე ფილმისთვის კერავდნენ კოსტიუმებს, რომელთა შორისაა ისეთი ფილმები და სერიალები, როგორებიცაა: „კონკია“, „გოგონა დანიიდან“, „ჯაშუშთა ხიდი“, „დაუნთონის სააბატო“, „იატაკქვეშა იმპერია“, „სატახტო თამაშები“.
ლეგენდარული ატელიე „Angels Costumes“ ლონდონის საკმაოდ პირქუშ და მოსაწყენ რაიონში მდებარეობს. მაგრამ საკმარისია მის ზღურბლს გადააბიჯო, რომ მყის 50 ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ კინო თუ თეატრალურ ზღაპარში ამოჰყო თავი.
„ანგელოზების“ კოლექცია მილიონზე მეტ კაბა–კოსტიუმს მოიცავს, რომლებიც რამდენიმე სართულადაა ჩამოკიდებული 13 კმ სიგრძეზე. სამოსი და აქსესუარები ფერების, სქესისა და ისტორიული ეპოქის მიხედვითაა განაწილებული. დაუჯერებელია, მაგრამ ატელიეს მონაცემთა ბაზა არ გააჩნია. „ანგელოზების“ ასოცივე თანამშრომელს ზეპირად ახსოვს, რა სად დევს.
ატელიეში ყველა ნაბიჯზე ფილმებისა და თეატრალური დადგმების კოსტიუმებში გამოწყობილ მანეკენებს წააწყდებით. აქაა ჰარისონ ფორდის გმირის, ინდიანა ჯონსის შლაპა, პერანგი და შარვალი, პიტერ ო’ტულის კრემისფერი არაბული სამოსი ფილმიდან „ლოურენს არაბი“, ქალის სხვადასხვა ფერის „პანტალონები“, სამხედრო ამუნიცია…
კლიმატ–კონტროლით აღჭურვილ ამ გიგანტურ შენობაში ყოველ ორ–სამ კვირაში ერთხელ სრული დეზინფექცია ტარდება. ერთი წამითაც არ დაიშვება აზრი, რომ ჩრჩილმა შეიძლება რამე გააფუჭოს.
„ანგელოზები“ კერვის ტრადიციულ ტექნოლოგიას ინარჩუნებენ და დღემდე ყველაფერს ხელით აკეთებენ. მამაკაცის კოსტიუმი დაახლოებით ხუთ დღეში იკერება, ქალისას კი ბევრად მეტი დრო სჭირდება.
მოკლედ, „ანგელოზებთან“ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც ეს 175 წლის წინ იყო.