- ბატონო ჯონდი! რა მიზანს ისახავდა მოსკოვში თქვენი ვიზიტი და რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგებით?
— ვიზიტის უმთავრესი მიზანი ქართულ დიასპორასთან შეხვედრა გახლდათ. მოგეხსენებათ, რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს, ისინი ჩვენი პოტენციური ამომრჩევლები არიან და მათი აზრის უგულვებელყოფა არ მგონია სწორი. მქონდა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რა თქმა უნდა ყველას ვერ გავწვდებოდი, დიასპორაც რამდენიმეა, მაგრამ ვთვლი,რომ კარგი საქმე გაკეთდა, ახლა გაცილებით მეტი ვიცი მე მათ შესახებ და მათ ჩვენს შესახებ. მიხარია,რომ სერიოზული მხარდაჭერის პირობაც მივიღე.
- სავარაუდოდ, მხოლოდ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრით არ შემოფარგლულხართ…
— რა თქმა უნდა, იყო ბევრი საქმიანი აზრთა გაცვლა-გამოცვლა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო შეხვედრა სომხური დიასპორის წარმომადგენლებთან, რომელიც მათი ინიციატივით გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ თბილისელი და ახალქალაქელი ეთნიკური სომხები. უნდა ვაღიარო, რომ ასეთ კონსტრუქციულ და ყოველმხრივ დადებით დამოკიდებულებას არ ველოდი. ჩემთვის არასასიამოვნო ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს პასიურობაზე მინიშნებაც ძალზე დელიკატურად გააკეთეს. მათი აზრით საქართველომ უნდა გამოიყენოს თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა და რეგიონში პოლიტიკური სიმშვიდის გარანტი უნდა გახდეს. არა ისე, როგორც ეს ერთმა ჩვენმა პოლიტიკურმა ფიგურამ გააკეთა, როცა გაგანია კონფლიქტის პერიოდში გამოაცხადა საქართველომ თურქეთთან და აზერბაიჯანთან სამხედრო პოლიტიკური შეთანხმება უნდა გააფორმოსო. ბეცი უნდა იყო ადამიანი, რომ ვერ მიხვდე რაოდენ ხიფათის შემცველია მსგავსი ინიციატივა. მარტივი მისახვედრია — თუ თურქეთთან სამხედრო კავშირის შკვრა რუსეთთან დაპირისპირებას ნიშნავს, აზერბაიჯანთან იგივეს გაკეთება სომხეთისგან გამიჯვნის ტოლფასია. მსგავსი უპასუხისმგებლო საქციელით, შესაძლოა ქვეყანა დიდ და დამღუპველ ავანტიურაში გავხვიოთ…
- ბიძინა ივანიშვილის წერილს როგორ შეაფასებთ, რამდენად რეალური სურათი დაიხარა?
— მთელი ამ უზარმაზარი წერილის შინაარსი არის მარტივი. ეს გახლავთ გზავნილი ქართველი ხალხისთვის, რომ არის ნაციონალების ხელისუფლებაში მობრუნების საშიშროება და ამიტომ მხარი დაგვიჭირეთ ჩვენ. ამავდროულად ამომრჩეველს მიანიშნებენ, რომ რეალურად ან ოცნებას უნდა დაუდგენ გვერდით ან ნაციონალებს. ამით ცდილობს საარჩევნო არეალიდან გააქროს სხვა ძალები, თითქოს ამ ორის მეტი არავინ იყოს. პოლიტტექნოლოგიის ენაზე ეს არის ამომრჩევლის გადაბირების მცდელობა.
თენგიზ ჩოჩუა