ზოგჯერ შავტუხა კარმენსაც სჯერა, რომ ის როდისმე გახდება ქერა...

© Tbiliselebi.geქერა ქალი
ქერა ქალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

იმედია, ძაღლები ყველას გიყვართ… ძალიან-ძალიან თუ არა, ცოტა მაინც…  ყოველ შემთხვევაში, არ გეშინიათ… რადგანაც დღეს ჩვენს აივანზე გეგებებით ჩემი დაბანილ-დავარცხნილი, საგანგებოდ გამოპრანჭული, ძალიან კეთილი  ლაბრადორით, რომელსაც ქვია ბოსარიონ ლაბრადოროვიჩი…  

და იცით რატომ გამოვიყვანე აივანზე? იმიტომ, რომ გაზაფხულის მთლად მიწურულში, 31 მაისს, მსოფლიოში აღნიშნავენ ქერა მანდილოსნების დღეს და მართალია, ბოსარიონი ბიჭია, სამაგიეროდ, ისეთი ფერის ბეწვი აქვს, რომ მოსკოვში ყოფნისას, საპარიკმახეროში, როდესაც ვერაფრით ვერ ავუხსენი რა ფერის თმაზე ვოცნებობდი, სწორედ ის მივიყვანე და ერთხელ და სამუდამოდ გადავწყვიტე თმის ფერის პრობლემა…  

იმის მერე სულ ვოცნებობ,  სადმე საზღვარგარეთ წავიდე და ანკეტაში, თმის ფერის გრაფის გასწვრივ,  ამაყად ჩავწერო —  „ლაბრადორისფერი“… ან, მაგალითად ვინმემ პაემანი დამინიშნოს და შეკითვაზე: „როგორ გიცნოთ“?— ვუპასუხო — „მაღალი ვარ, გამხდარი, ოდნავ გაჩეჩილი ლაბრადორისფერი თმებით“… 

რატომაც არა, თუკი ღია ფერის თმები ოფიციალურად  იყოფა რამდენიმე  ქვეფერად: ხორბლისფერი, სელისფერი, სიმინდისფერი.  ფერფლისფერი, პლატინისფერი… ლაბრადორმა რაღა დააშავა…

ქერა ქალი
ქერა ქალი - Sputnik საქართველო
ქერა ქალი

სერიოზულად კი, დღევანდელი დღის აღნიშვნის ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა აშშ-ში, 2001 წელს. მანამდე კი, ფინეთში, სადაც სტატისტიკურად ქერათმიანი ადამიანების ყველაზე მაღალი პროცენტი ცხოვრობს,  შეიქმნა „ქერა ქალების საერთაშორისო ასოციაცია“.  და იბადება შეკითხვა, რატომ გამოყოფენ ეს ქერა ქალები თავს დანარჩენი მანდილოსნებისგან? 

მინდა გითხრათ, რომ გუშინ, როდესაც თქვენთან შეხვედრისთვის ვემზადებოდი, მივხვდი რატომაც… მე მგონი ჩაპაევზე,სეროჟაზე, კახელებზე და სვანებზეც კი არ შეუქმნიათ იმდენი ანეკდოტი, რაც ქერათმიან ქალებზე… თანაც ყველგან ხაზს უსვამენ მათ, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე მაღალ IQ-ს. გარდა ამისა, ქერა ქალებზე დაწერილი ყოველი მეორე  წერილი სრულდება „გამამხნევებელი“ ინფორმაციით იმის შესახებ, რომ ქერა ქალების რიცხვის მკვეთრ შემცირებასთან დაკავშირებით,   დაახლოებით 2200 წლისთვის დაიბადება „მათი კლასის“ ბოლო წარმომადგენელი… თანაც ფინეთში… მოკლედ, როგორც ჩანს, ნამეტანი არაკეთილმსურველ გარემოცვაში უწევდათ ცხოვრება  მერლინ მონროსა და გრეტა გარბოს, მარლენ დიტრიხსა და ბრიჯიტ ბარდოს, შერონ სტოუნსა და დეზდემონაზე არაფერი რომ არ ვთქვათ…

ქერა ქალი
ქერა ქალი - Sputnik საქართველო
ქერა ქალი

ცნობილია, რომ ქერა ქალები ყოველთვის იზიდავდნენ მამაკაცებს… ჯერ კიდევ ქვის ხანიდან დაწყებული… და ეს არ უნდა გვეწყინოს ჩვენ, არაქერებს ან არანატურალურად ქერებს, რადგანაც მანდილოსნების მხოლოდ 2%-ს შეუძლია დაიკვეხნოს ნატურალური ღია ფერის თმით…  ხოლო ის, რაც იშვიათია, ყოველთვის უფრო მიმზიდველია… თავად სიყვარულის ქალღმერთი აფროდიტაც ოქროსფერ თმებს ატარებდა… 

გარდა ამისა, სტატისტიკურად დამტკიცებულია, რომ ქალების 90%-ს გაქერავების ერთი მცდელობა მაინც ქონიათ ჩადენილი…  ესე იგი, არც თუ ისე ცუდი ყოფილა ღია ფერის თმები… 

თმების გაღიავება ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში დაიწყეს, შემდეგ კი ამ ტრადიციამ რომში გადაინაცვლა…  ქერა ქალები განსაკუთრებით მოდაში ყოფილან რენესანსის ეპოქაში… ცნობილია, რომ თმის გასაღიავებლად წყალბადის ზეჟანგი პირველად საფრანგეთის სამეფო კარის დალაქმა გუგომ გამოიყენა, ნაპოლეონ III-ეს მეუღლის კიდევ უფრო მეტად გასალამაზებლად. 

სასიყვარულო თემას რომ მოვეშვათ, ღია თმები ხშირად ხელს უწყობს ქალებს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, სამსახურშიც… მაგალითად მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქერათმიან ქალებს უფრო ხშირად უთმობენ გზას და ადგილს… რესტორნებში კლიენტები მეტ თანხებს ჩუქნიან ქერა ოფიციანტებს, სუპერმარკეტებში, ქერათმიან მოლარეებთან ყოველთვის უფრო გრძელი რიგებია, ბავშვებცი უფრო სიამოვნებით ეთამაშებიან ქერა თოჯინებს  („ბარბიც“ ხომ შემთხვევით არ არის ქერა).  აქვე მინდა გაგაკვირვოთ, მარგარეტ ტეტჩერი არც მალავდა, რომ მთელი ცხოვრების განმავლობაში, კარიერული კიბის მორიგ საფეხურზე  ასვლისას, თითო-თითო ტონით იქერავებდა თმას… ჰილარი კლინტონმაც, პოლიტიკური კარიერის დაწყების წინ, თმები ქერად შეიღება…

ერთადერთი ადგილი, სადაც ერიდებიან ქერათმიანი ქალების სამსახურში მიღებას, არის მოხუცებულთა სახლები, თანაც, თავად მათი ბინადრების  გამო… თურმე მოხუცები არ ენდობიან ქერა მომვლელებს… ბევრი ვიფიქრე, რატომ… იქნებ, იმიტომ, რომ ასაკში ადამიანი ჭაღარავდება და ეს ცოტა „ქერა პლატინისფერს“ ჩამოგავს…  მოხუცებს კი უფრო მკაფიო და მუქი ფერები უყვართ და იზიდავთ… ახლა გამახსენდა, ჩემს ბებიას ქონდა საოცრად ლამაზი ჭაღარა, მოიასამნისფრო, მაგრამ ჯიუტად ყიდულობდა საღებავს „გამა“ ნომერ 6“-ს (ახლაც მახსოვს) და მუქად იღებავდა… 

ბოლოს მინდა გაგახსენოთ ერთი ცნობილი ინგლისური  გამოთქმა — „ჯენტლმენები უპირატესობას ანიჭენებ ქერა მანდილოსნებს, რადგანაც ქერა მანდილოსნებმა ყველაზე კარგად იციან, თუ რას ანიჭენებ ჯენტლმენები უპიტარესობას“…

ასე რომ, რაღა თქმა უნდა, თმის ფერს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს… თუ ვიღაცას ქერა თმები უყვარს, იყოს ქერა, ვისაც წამლისფერი იზიდავს, იაროს წაბლისფერმა… ეს ადამიანის პირადი არჩევანია… არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების… თმის შეღებვა, ისევე როგორც თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა ახალ სტიმულს იძლევა…

ერთადერთი, რასაც გირჩევთ — არასდროს ყავისფერ თმაზე წინასწარი გაუფერულების გარეშე არ დაიდოთ რამდენიმე ტონით ღია ფერის საღებავი, თორემ ვარდისფერი გახდებით!  გამოცდილი მაქვს პირადად!

გისურვებთ ბედნიერ და ხალისიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე
ყველა ახალი ამბავი
0