შემდეგ სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სადიპლომო ნამუშევარში „გვარი“ აირჩია ისეთი საინტერესო თემა, როგორიცაა- „სად გადის ზღვარი გენიოსებსა და ჩვეულებრივ ადამიანებს შორის“? დაინტერესებულია რელიგიით, ფილოსოფიითა და ფსიქოლოგიით. სამხატვრო აკადემიაში სწავლების შესახებ საკუთარი მოსაზრება გააჩნია და აქვს გაცნობიერებული შინაგანი პროტესტი, რაც ზოგადად ხელოვანს წინსვლასა და თვითგანვითარებაში ეხმარება.
- პაატა, ადამიანური სამყარო, გენიოსები, შეშლილები-რატომ დაინტერესდით ამ თემით?
— ბავშვობიდან მაინტერესებდა ის სფეროები, რომლებზე პასუხებიც ზოგადი სტანდარტებიდან გამომდინარე, არ მაკმაყოფილებდა. ეს ინტერესი თავისთავად მოდის და ამა თუ იმ თემის მიმართ კითხვები ყველა ადამიანს აქვს. მეორე საკითხია რამდენად ეძებს იგი მათზე პასუხს… დღეს, ოცდამეერთე საუკუნეში კაცობრიობის ამ საფეხურზე ჩემი პასუხების ძიების საგანი მრავალ თემას მოიცავს. ვცდილობ, მოუძებნო რაიმე ახსნა იმას, რაც მაინტერესებს და აკრძალული ხილივით დაფარულია.
- ჩემთან საუბარში ახსენეთ, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ „აღმოვაჩინე, რომ ვიყავი ცარიელი, როგორც ერთი დიდი უდაბნო“ რა იგულისხმეთ?
— როდესაც ეგ დავწერე, იმ პერიოდში დავინტერესდი რელიგიით, ფილოსოფიით, ფსიქოლოგიით, რაც შემდგომ დამეხმარა საკუთარი თავის ძიებაში, რასაც შემოქმედებითი პროცესი ჰქვია. დღემდე ძიების პროცესში ვარ. მინდა ვიმეტყველო ჩემივე სამყაროში არსებული საგნებით, შეგრძნებებითა და ფერებით, რომელსაც ჩემს სახელებს დავარქმევ. რაც შეეხება სამხატვრო აკადემიას, ჩემი აზრით აქ სწავლის მოძველებური მეთოდია. თუნდაც ის ფაქტი, რომ აბიტურიენტი აკადემიაში ნატურმორტის ხატვით ხვდება, ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუ არ ჩავთვლით რაღაც დონეზე ოსტატობას. მიმაჩნია, რომ სამხატვრო აკადემიაში აბიტურიენტი პორტფოლიოს წარდგენის შემთხვევაში უნდა ხვდებოდეს. ამ სახით ხდება ჩაბარება მაგალითად გერმანიის ნებისმიერ სამხატვრო აკადემიაში. ხოლო შემდეგ იდეების ტრანსფორმაცია და დახვეწა უნდა ხდებოდეს. ეს უნდა იყოს ჯგუფში ერთობლივად მუშაობა და მსჯელობა. ჩემი აზრით ასეთი პროცესი აყალიბებს მხატვარს, კონკრეტული მოცემულობა და აკადემიურობა, რომელიც დაძველდა და გაცვდა გამრავლების ტაბულის დაზეპირებას ჰგავს. ეს იყო იმ პერიოდში, როდესაც მე ვსწავლობდი, მხედველობაში მაქვს 2009-2012 წლები. ეხლა მე მგონი, ძირეული სტრუქტურული ცვლილებები არ მომხდარა და იქ ისევ ძველებური მდგომარეობაა.
- ისევ თქვენს სადიპლომო თემას დავუბრუნდეთ. მაინც ვინ არიან გენიოსები?
— მოდით, ეს თემა დავიწყოთ იმით, თუ ვინ ან რა არის ადამიანი? ადამიანი დედამიწაზე მცხოვრები სხვა არსებებისაგან იმით განსხვავდება, რომ მას აზროვნება და ფიქრი შეუძლია. ხოლო რამდენად შორს მიდის ადამიანის ფიქრი და შესაძლებლობები, ამით განისაზღვრება თუ ვინ არის კონკრეტული ინდივიდი. მიმაჩნია, რომ ყოველ ადამიანს თავისი დანიშნულება აქვს ამ სამყაროში, რადგან ბუნებაში უბრალოდ არაფერი ხდება. ხოლო რაც შეეხება ზღვარს, ზღვარი ადამიანის ფიქრებისა და მათი რეალიზების ველია. ზოგადად ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ ამ ზღვარს გადააბიჯოს- იგი მომავლიდან ისაუბრებს აწმყოში და სწორედ ეს არის გენიოსი. ესაა ზღვარი, რასაც ერთეულები აბიჯებენ. ისინი სხვა სივრცის კარებს აღებენ და მათ გენიოსებს ვეძახით. ამისი ნათელი მაგალითია მეოცე საუკუნეში მოღვაწე გერმანელი ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი, რომელმაც ფიზიკაში გადატრიალება მოახდინა. მეორე ნათელი მაგალითია ლეონარდო და ვინჩი, რომელიც ყველაფერს ასევე ამ კუთხით უდგებოდა. ის არ იყო მარტო მხატვარი, მან მთელ რიგ სფეროებში მნიშვნელოვნად წინ წასწია იმ დროინდელი ადამიანის ცნობიერება და განათლება- მისი ქმედება აწმყოს გადაბიჯება იყო…
- ამ თემაზე მუშაობამ როგორ ხელოვანს რა სამსახური გაგიწიათ?
— მე მიყვარს სირთულეები… როცა ყველაფერი გავაცნობიერე, ამ ყველაფრის ტილოზე გადატანა ურთულესი პროცესი იყო. ვფიქრობ, პატარა დოზით ეს მოვახერხე, ყოველ შემთხვევაში მაქსიმალურად შევეცადე. მაგრამ საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს ვარ და არც ჩემი ნამუშევრით ვიყავი ბოლომდე კმაყოფილი. ყოველთვის შეიძლება იმაზე უკეთ გააკეთო რაღაც, ვიდრე გამოგივიდა. მთავარია, მცდელობა არ დააკლო და საკუთარ თავზე მეტი იმუშაო. მე ვფიქრობ, ეს შიმშილი ყოველთვის იქნება ჩემში, ანუ სურვილი, რომ უკეთესი გავაკეთო და ახალი გზები ვეძებო.
-ანუ ამჟამად ძიების პროცესში ხართ, იცით, რას ეძებთ და რა სურვილები გაქვთ?
— მიმაჩნია, რომ ყველა, ვინც ხატავს არ არის მხატვარი, თუ ადამიანს აქვს იმის ამბიცია რაღაც ღირებული შექმნას და იყოს მხატვარი, ის საკუთარი თავის ძიების პროცესში უნდა იყოს. ჩემი სურვილი ძალიან ბანალურად ჩანს, მინდა, რომ ჩემი ქვეყანა, ძლიერი და წარმატებული გახდეს. ადამიანთა დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ არ იყოს ისეთი, როგორიც დღეს არის. დღეს ქართველებს ჰუმანურობა და პასუხისმგებლობა გვაკლია, ამიტომ მინდა, ეს თვისებები უფრო წამოვწიოთ და მაშინ ყველაფერი კარგად იქნება…