ურჩი ზურაბ ყიფშიძე შექსპირმა დაიმორჩილა

© მ. ტურიაშვილიზურაბ ყიფშიძე - სცენა სპექტაკლიდან "მეფე ლირი"
ზურაბ ყიფშიძე - სცენა სპექტაკლიდან მეფე ლირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს მთელი თეატრალური საზოგადოება თუ პრესა, თუმანიშვილის თეატრის „მეფე ლირის“ შესახებ და ლირის როლის შემსრულებელზე, ზურაბ ყიფშიძეზე საუბრობს.

დიდი ხანი ელოდა მაყურებელი სათაყვანებელი მსახიობის ახალ როლს. ზურა ყიფშიძეს რჩეულთა ბედი ერგო: არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემები, ხმა, ნიჭი — ყველაფერი ერთად დააბერტყა დედა-ბუნებამ. მიხეილ თუმანიშვილი მას იმ „ცოცხალ გენს“ უწოდებდა, რომელსაც თეორიული სწავლება არ სჭირდებოდა. ყველა რეჟისორს უნდოდა მასთან მუშაობა, მის მონაცემებზე დაყრდნობით თეატრის რეპერტუარის აგება, მაგრამ სხვადასხვა ვითარების გამო, ეს არ შედგა. მისი ბოლო როლი რეჟისორ თემურ ჩხეიძის „ART-ხელოვნებაში“ შედგა. რეჟისორმა ზურაბ გეწაძემ მსახიობი შექსპირის „მეფე ლირით“ დააინტერესა. პრემიერის დღეები საზეიმო ეიფორიას ქმნის, ვნებების დასაღვინებლად დრო უნდა გავიდეს. რას ფიქრობდა შემოქმედებითი ჯგუფი, ამას ჩვენი რეპორტაჟიდან შეიტყობთ. 

- ბატონო ზურაბ, იმდენი ენერგია დახარჯეთ, რომ თქვენი შეწუხება აღარ მინდოდა…

ზურაბ ყიფშიძე: ჰოდა, ეს ენერგია ოსტატობაში უნდა გადავიდეს, გესმის? ასე არ უნდა იყოს! კი, რაღაცეები გავაკეთე, მაგრამ მე მაინც ვთვლი, რომ ეს „პოლუფაბრიკატია“. აი, ყველაფერი: ემოციები, გიჟობები, ნელ —ნელა ოსტატობაში უნდა გადაიყვანო. აქ ყველაფერი მსუბუქად უნდა მოხდეს, ოღონდ დრამატული სიმძიმე და გამომსახველობა არ უნდა დაიკარგოს. სულ ასე რომ ვითამაშო, მესამე სპექტაკლზე მოვკვდები!

- „მეფე ლირმა“ რა შთაბეჭდილება დატოვა?

- ასეთი პიესა არ არსებობს, გინდა ფილოსოფიური, გინდა სათქმელის, გინდა გამომსახველობის თვალსაზრისით.

- მაგრამ თქვენთვის  რა არის უპირველესი?

- ჩემთვის რა არის, იცი? სამწუხაროდ ჩვენ, ყველა ცოდვილები ვართ. ხომ ამბობს: მე იმდენი ცოდვა არ მიმიძღვის, რაც სხვებს — ეს ერთი! რატომ აქამდე არ მიფიქრია, როგორ ხართ თქვენ, ხალხნო — უბედურებო. გაგიჟებული კაცი იძახის, რომ დედამიწა  ადამიანს უნდა უფრთხილდეს, ვინაიდან სიყვარულის ნაცვლად, ერთმანეთს ტკივილს ვაყენებთ… არ შეიძლება ამის გაკეთება! თუ მოინანიებ სიკვდილის წინ, კარგია, მაგრამ ისე მიდის ამ ქვეყნიდან უამრავი ადამიანი, არ ვიცი, ცეკას მდივანი თუ მეფე — რაც გინდა, ის დაარქვი, რომ ვერ ხვდება —  რა „სირმანჯო“ იყო, გესმის? და აი, ეს მონანიების მომენტი უნდა იყოს, სიკვდილის წინ მაინც. აი, მგონი ამაზეა ეს პიესა!

მსახიობი კატო კალატოზიშვილი: მუშაობის პროცესი ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა. პირველ რეპეტიციებზე შევთანხმდით, რომ ეს იყო ექსპერიმენტი და გამოვიდოდა თუ არა, მივიდოდა თუ არა პრემიერამდე და ნახავდა თუ არა მაყურებელი, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. „მეფე ლირი“ საფუძვლიანად უნდა შეგვესწავლა და გამოგვეკვლია. აქედან გამომდინარე, ეს რეპეტიციები ერთ წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. 

- ექსპერიმენტი ახსენეთ და რაში გამოიხატებოდა? 

- არ მოგატყუებთ და გეტყვით: რა გამოვიკვლიე ახალი, ეს ჯერჯერობით შეგრძნების დონეზეა ანუ სიტყვით ვერ გადმოვცემ, მაგრამ რა თქმა უნდა ის ფაქტი, რომ ზურა ყიფშიძის პარტნიორი ვარ და „მეფე ლირში“ კორდელიას ვთამაშობ, ეს უკვე მნიშვნელოვანია. ვისაც პიესა წაკითხული აქვს, იცის რომ ეს არის პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი, თვით ლირისთვის არის მნიშვნელოვანი წერტილი. პირველ სცენაში ვარ და მერე ფინალში, ამიტომ სახიფათოა ამ როლის თამაში. ხომ შეიძლება მაყურებელმა ვერ გაიგოს, ვერ მიხვდეს კორდელიას არსს. მოახდენდა თუ არა ის შთაბეჭდილებას — ყველაზე მეტად ამის მეშინოდა, მაგრამ სადაც ზურა ყიფშიძე თამაშობს ლირს, იქ ყველა იკარგება და ამიტომ მე დიდად აღარ ვდარდობ, ვინაიდან ჩემთვის მუშაობის პროცესი ყველაზე მნიშვნელოვანია. 17 წლის მერე ზურა ყიფშიძემ ახალი როლი ითამაშა, მე მისი ერთ-ერთი  პარტნიორი ვარ და ეს ჩემთვის დიდი პატივია.

- ერთწლიანმა ერთად მუშაობამ სპექტაკლის ჯგუფის წევრები გაგვაერთიანა და უცებ შეიქმნა დიდი ოჯახი, რომელსაც სამომავლოდ რა ბედი ეწევა, არ ვიცი. სპექტაკლისთვის ბევრი იბრძოლა ზურა გეწაძემ, რომელიც არის არაჩვეულებრივი, თბილი ადამიანი და უდიდესი მოთმინების პატრონი, რომელმაც არც ერთი წამით უკან არ დაიხია და ამ სპექტაკლის დასრულებისთვის ბოლომდე იბრძოლა.

© მ. ტურიაშვილისცენა სპექტაკლიდან "მეფე ლირი"
სცენა სპექტაკლიდან მეფე ლირი - Sputnik საქართველო
სცენა სპექტაკლიდან "მეფე ლირი"

რეჟისორი ზურაბ გეწაძე: პიესაზე მუშაობა, როლების განაწილებაზე ბევრად ადრე დავიწყე. ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. იმდენად რთული პიესაა, რომ „მეფე ლირის“ დადგმას ერიდებიან, თუმცა წასაკითხად იდეალურია, ფაქტობრივად მწვერვალია. პიტერ ბრუკმა სამჯერ დადგა და ბოლომდე კმაყოფილი არ იყო, ამიტომ მაინტერესებდა — რა არის? არადა ძლიერი სათქმელი აქვს და როგორც შექსპირის ყველა უკვდავი პიესა, უაღრესად თანამედროვე! როცა ჰამლეტი არა გყავს „ჰამლეტი“ არ უნდა დადგა, მაგრამ როცა ზურაბ ყიფშიძე გყავს „ლირი“ უნდა დადგა. 

ამ როლის თამაში დიდი ენერგიის გარეშე, გამორიცხულია. ზურა რომ უდიდესი მსახიობია, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ამ როლით უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა, იმიტომ რომ 17 წლის მანძილზე ახალი როლი არ შეუსრულებია. 

- თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სპექტაკლი კიდევ უფრო გაიზრდება?

- რა თქმა უნდა, ახლა პირველი სპექტაკლებია და ის მაყურებელზე  უნდა გათამაშდეს. ჩემი პედაგოგი ასე მასწავლიდა, რომ სპექტაკლი ცხოვრებას იწყებს მეათე წარმოდგენის მერე, ყველაფერი წინ არის.

- აქ დავინახე უფრო ოჯახის დაშლის საკითხი…

- არა! აქ არის ოჯახის, სახელმწიფოს და სამყაროს დაშლის პრობლემა. ამ ცხოვრებაში ადამიანის არსის პრობლემა! პიესა იმაზე არ არის, რომ ოჯახმა მოხუცი მამა გააგდო, აქ უფრო მნიშვნელოვანი მერე ხდება — როგორ იცვლება ლირი და როგორ მიდის იმ აზრამდე, როცა ის კორდელიას ეუბნება: წავიდეთ საპყრობილეში, მთავარი სიყვარულია და ჩვენი ერთად ყოფნა, დანარჩენს მნიშვნელობა არა აქვს — სად ვიცხოვრებთ, როგორ ვიცხოვრებთ,  საკანში თუ საპყრობილეში. პრინციპში, ლირი ტირანიდან ადამიანი ხდება, რომელიც უპოვარს ხედავს და მის ბედს განიცდის. 

მსახიობი გიორგი ყიფშიძე: შექსპირის მესამე როლს ვთამაშობ. სტუდენტმა ვითამაშე მერკუციო, მერე „ზაფხულის ღამის სიზმარში“, ხელოსანი და ახლა ვთამაშობ ედმუნდს. შექსპირის თამაშის დროს, ისეთ დიდ სიამოვნებას ვღებულობ, რომ ცოტა „გავბლატავდი“ კი არა… ვგიჟდები შექსპირზე — ასეთი გენიალური?.. რომელი დრამატურგი მოვა შექსპირთან? ის შიგნით ლავირების საშუალებას გაძლევს და იმდენ ვარიანტს გთავაზობს, რომ ძალიან უნდა შეეცადო, რომ გააფუჭო რა!

- და რა მოტივი აქვს შენ ედმუნდს? 

- რატომ ვარ დაბალ საფეხურზე, იმიტომ რომ უკანონო ვაჟი ვარ? ეს მოცემული სიტუაცია… ქვეყანამ რატომ დააწესა, რომ გარეგნობით ან ჭკუით ვინმეზე ნაკლები ვარ? რადგან ნაბიჭვარი ვარ, ცოტა ქვემოთ უნდა ვიყო, ხელს არავინ არ მართმევს, გესმის? და ამაზე იბოღმება და ღმერთებს საყვედურობს, რატომ დამჩაგრეთო. ააა, ასეა საქმე? მაშ ფეხზე ადექით და დამინახავთ ვინ ვარ! ბევრი შემხვედრია ასეთი გამწარებული და გაბოროტებული. 

ზურაბ ყიფშიძე მთავარ როლებს თამაშობდა მიხეილ თუმანიშვილის, რობერტ სტურუას, თემურ ჩხეიძის რჩეულ სპექტაკლებში. ქართული თეატრის ისტორიაში რა ადგილს დაიკავებს მის მიერ შესრულებული მეფე ლირის როლი, ამას დრო გვიჩვენებს. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0