„მისი მწერლობა ორნახადი არაყია, რომელიც ადვილად ისმევა და ეგრევე ათრობს“- ასე განუცხადა მწერალმა, პროფესორმა ლევან ბერძენიშვილმა „წიგნის სახლი ბახტრიონზე“ შეკრებილ პუბლიკას, რომელიც 24 წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ელენე, პეპი ბოჭორიშვილთან შესახვედრად შეიკრიბა. თავის დროზე ყველასგან განსხვავებული, არასაბჭოური ჟურნალისტი დღეს უკვე კანადაში მცხოვრები, არანაკლებ განსხვავებული და აღიარებული მწერალია. თავის დროზე, საბჭოთა საქართველოში აზრის გამოხატვის მისეული ფორმა მაშინდელი უსახური ცხოვრებისადმი პროტესტივით აღიქმებოდა, ამიტომაც 90-იან წლებში მისი უცხოეთში გადასახლება არავის გაკვირვებია. რუსულენოვანი ჟურნალისტი სპორტულ თემატიკაზე მარტო სპორტული კუთხით არ წერდა, ამიტომ არც მისი მწერლობის ფაქტი დაუყენებია ვინმეს ეჭვქვეშ…
უკვე წლებია, მონრეალში ცხოვრობს და საბჭოურ ამბებზე ევროპელ მკითხველს როგორც კრიტიკოსები ამბობენ, კაფკასეული მანერით მოუთხრობს. მისი სალიტერატურო რუსული იმდენად დახვეწილი და საინტერესოა, რომ წელს რუსეთის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „რუსკაია პრემია“ მიენიჭა. შეგახსენებთ, ეს პრემია რუსეთის გარეთ მცხოვრებ რუსულენოვან მწერლებს ენიჭებათ.
ლევან ბერძენიშვილი: „ჩვენი მოქმედების არე საბჭოთა კავშირი იყო, ქვეყანა, რომელიც დღეს აღარ არის. ეს სხვა ტიპის ცივილიზაცია იყო და ჩვენ, ყველანი ცოდვიანები ვართ, რადგან იმ ქვეყანაში ვიყავით. ესაა ვრცელი მასალა და თემა, იმაზე, თუ სად მიდის ადამიანური სითბო… პეპი ბოჭორიშვილი არის მწერალი, რომელიც უზარმაზარ გავლენას მოახდენს მსოფლიო ლიტერატურაზე, რადგან ის ახალი ჟანრის, სტენოგრაფიული რომანის პიონერია. მას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი, მისი მწერლობა სუფთა ლიტერატურაა.. პეპი ევროპელი პროზაიკოსია. როგორც ჩვენში ხდება ხოლმე იგი არ გადასულა პოეზიიდან პროზაზე, რადგან თავიდანვე პროზაიკოსი იყო. თამამად შემიძლია ვაღიარო, რომ მისი სახით საქართველოში სხვა ქვეყნის მიერ გაზრდილი, ევროპული აზროვნების მზა მწერალი შემოვიდა.“
პეპი ბოჭორიშვილი: როცა პირველ წიგნს ვწერდი, არ ვფიქრობდი იმაზე, ბოლოს რა გამოვიდოდა, რომელ გმირებს შევიყვანდი მასში, ვის დავტოვებდი და ვის არა. მეგონა, ერთ წიგნში ყველაფერს ჩავტევდი. დღეს დაწერილი მაქვს 8 წიგნი, რომელიც 10 ენაზეა თარგმნილი. როცა ჩემი ნაწარმოები „ოპერა“ იტალიელმა გამომცემელმა წაიკითხა, მითხრა, რომ ამბები, რაც მასში იყო, მისთვის უცნობია, მაგრამ ეს გმირები ვერ მოვიშორე ვერაფრით თავიდან და ამ წიგნის გამოცემით ამიტომ დავინტერესდიო“…
შეხვედრის ბოლოს მწერალს ერთადერთი კითხვით მივმართე:
- როგორ გადმოსცემთ ასე საინტერესოდ ქართულ ამბებს რუსულ ენაზე ევროპელი მკითხველისთვის?
- მე ყოველთვის ვამბობ, რომ ვარ ქართველი, ვცხოვრობ კანადაში და ვწერ რუსულად. საერთოდ რუსები ბევრია კანადაში, მაგრამ იქ არავინ ჩამოდის ქართველი მწერლის საძებნელად, რომელიც რუსულ ენაზე წერს. თუმცა ჩემი წიგნები სხვადასხვა ენაზე მაინც ითარგმნება. ენას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, რას და როგორ წერ. ენა ამ შემთხვევაში მხოლოდ ფუნჯია, საშუალებაა აზრის გადმოსაცემად… რუსეთში 2300 ლიტერატურული პრემიაა, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსები წიგნებს აქტიურად კითხულობენ. საერთოდ მნიშვნელოვანია, რომ წიგნი იმ ენაზე წაიკითხონ, რა ენაზეც დაიწერა“.
საქართველოში გაზეთ „ლელოში“ მუშაობდა. სპორტულ თემატიკაზე სტატიებს რუსულ ენაზე წერდა. 1988 წელს ის საუკეთესო ქართველ რეპორტიორად დაასახელეს. ერთი პერიოდი თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტში ასწავლიდა ჟურნალისტიკას, ლექციების კითხვა კანადაშიც გააგრძელა. მიწვეული ლექტორია მონრეალის, ონკორდიის, მაკგილის უნივერსიტეტებსა და მონრეალისა და ლონეგრანის კოლეჯებში. არის "სოვეცკი სპორტის" კორესპონდენტი. წარმატებული ჟურნალისტი და მწერალი, ბედნიერი ქალიც გახდა კანადაში, სადაც ოჯახი შექმნა. 5 დოკუმენტური ფილმის სცენარის ავტორმა, 2012 წელს, რომანის "მამაჩემის თავი" რუსულიდან ფრანგულად თარგმნისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა.
ემიგრანტ მწერალთან შეხვედრის დღეს თბილისში წვიმდა და შესაძლოა, ამიტომაც გაუჩნდა დარბაზში შეკრებილებს კინოფილმ „ფესვებთან“ ასოციაცია…
ლევან ბერძენიშვილი: „ის დაბრუნდა საქართველოში, მართალია, მას არ დახვდნენ ქოლგებით ხელში, მაგრამ მინდა, ჩათვალოს, რომ მთელი საქართველო, ახლა აქ ვართ ქოლგებით“…