ოლგა პიტერსი ჩვეულებრივი ამერიკელი გოგო იყო, ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა. პრესა მის ოჯახს ყოველთვის დიდი ინტერესით ეკიდებოდა და მოსვენებას არ აძლევდა. სკოლაშიც კი უცვივდებობდნენ ჟურნალისტები და პატარა გოგოს წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ.
მაშინ ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა, რაოდენ ცნობილი და სახელგანთქმული კაცის შთამომავალი იყო. მხოლოდ ის იცოდა, რომ ფოტოზე ორ სხვა მსოფლიო სახელის მქონე, ისტორიულ პირთან ერთად აღბეჭდილი კაცი მისი ბაბუა გახლდათ. ეს იყო და ეს.
მერე გაიზარდა, 16 წლისა გახდა და გათხოვდა. გვარი და სახელი შეიცვალა, კრის ევანსად იქცა, მაგრამ ჟურნალისტებსა და პაპარაცებს მაინც ვერ დაემალა.
ბორშჩის კეთება უყვარს, იმიტომ რომ ამ კერძის სურნელი დედას აგონებს; დედას, რომელმაც მჩქეფარე ცხოვრებით იცხოვრა, სამშობლოდან გაიქცა, ხუთი ქმარი გამოიცვალა, „კაგებესა“ და „ცეერუს“, რომლებიც მოსვენებას არ აძლევდნენ, გამუდმებით გაურბოდა და ცივი ომის სიმბოლოდაც კი იქცა… ერთი ხანობა რომელიღაც სექტის წევრიც კი იყო.
კრის ევანსი უცნაური ვარცხნილობებით, ჩაცმულობით, ტატუებითა და არაორდინალური ქცევით ჩვეულებრივ ამერიკელ პანკს ჰგავს, რომელსაც ყურადღებას არც კი მიაქცევდა ვინმე, რომ არა მისი წარმომავლობა: ის საბჭოთა ბელადის, მეორე მსოფლიო ომის მომგები და ფაშიზმის გამანადგურებელი მთავარსარდლის, გენერალისიმუს იოსებ სტალინის, ჩვენებურად, სოსელოს ქალიშვილის, სვეტლანა ალილუევას შვილია.
სვეტლანა ერთადერთი იყო სტალინის შვილებს შორის, რომელმაც უცხოეთში გაქცევა მოახერხა.
კრისი ახლა 44 წლისაა, პორტლენდში ცხოვრობს და საკუთარი პატარა მაღაზიის დიასახლისია.