თბილისი, 28 მაისი — Sputnik. უკრაინიდან და ევროკავშირიდან ჩამოსული მეცნიერები ბათუმში სანაპიროს გამოიკვლევენ. მსგავსი მონიტორინგი 1995 წლის შემდეგ არ ჩატარებულა, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.
ბათუმში უკვე ჩავიდა რუმინული საკვლევი ხომალდი Mare Nigrum, რომელმაც 40 მეცნიერისგან შემდგარი ჯგუფი ჩამოიყვანა საქართველოში.
ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ უცხოელი და ქართველი სპეციალისტები ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებენ, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის.
„შავი ზღვა ყველა კომპონენტის მიხედვით იქნება შესწავლილი არა მე–20, არამედ 21–ე საუკუნის ტექნოლოგიებით. ჩვენთვის, საქართველოსთვის, როგორც ამ ექსპედიციაში მონაწილე ქვეყნისთვის, ეს უნიკალური საექსპედიციო მასალა იქნება იმისათვის, რომ რეალური ინფორმაცია მოვიპოვოთ იმ პრობლემებზე, რომელიც შავ ზღვას აქვს“, — აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ ბაგრატიონმა.
კვლევები ევროკავშირისა და გაეროს ეგიდით ჩატარდება.