თბილისი, 28 მაისი — Sputnik. რობი უილიამსმა სენსაციური, წარმოუდგენლად თბილი და დიდსულოვანი უწოდა ქართველ პუბლიკას, რომლისთვისაც მან საუკეთესო ჰიტები შეასრულა.
კონცერტი 27 მაისს „დინამო არენაზე“ გაიმართა.
„იმის გათვალისწინებით, რომ მე აქ არასოდეს ვყოფილვარ, ჩემთვის ძნელად წარმოსადგენი იყო, რომ ყველას ეცოდინებოდა ჩემი სიმღერების ტესტები. კონცერტის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი ჩავარდნა, მუდმივად იგრძნობოდა აუდიტორიის ენერგეტიკა“, —განაცხადა უილიამსმა.
ბრიტანელი მომღერლის კომენტარი მასშტაბური სამთავრობო პროექტის, Check in Georgia–ს ფეისბუქგვერდზეა განთავსებული, რომლის ფარგლებშიც ჩამოვიდა რობი უილიამსი საქართველოში.
მომღერალი გამოტყდა, რომ ეს ბოლო შვიდი თვის განმავლობაში პირველი ცოცხალი გამოსვლა იყო და ამიტომ ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ როგორც კი სცენაზე ავიდა, ქართველი მაყურებლის დახმარება იგრძნო.
„ეს იყო გამოცდილება, რომელიც ყოველთვის დარჩება ჩემს მეხსიერებაში. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველოდები თქვენთან დაბრუნებას და კიდევ ერთხელ თქვენთან შეხვედრას“, — აღნიშნა უილიამსმა საქართველოდან გაფრენამდე.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, რა მოეწონა ყველაზე მეტად საქართველოში, უილიამსმა უპასუხა, რომ ეს ქართველი ხალხის დიდსულოვნებაა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთ მიღებას არ ელოდა.
„[საქართველო] ძალიან თბილი ქვეყანაა, ძალიან თბილი ხალხითა და საოცრად თბილი კლიმატით. შემიყვარდა ქართული სამზარეულო — ის დიდებულია“, — განაცხადა მომღერალმა.
შოუს დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, რობი უილიამსი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს მიხიელ გიორგაძეს შეხვდა და მისი ნაჩუქარი ყაბალახიც მოირგო.
რობი უილიამსის კონცერტს „დინამო არენაზე“ 37 ათასი კაცი დაესწრო. ეს ყველაზე გრანდიოზული შოუ იყო საქართველოს ისტორიაში.